четверг, 19 мая 2011 г.

დავეხმაროთ დათოს და სულიკოს

წყარო ნეტგაზეთი – დათო და სულიკო 12 წელია ერთად ცხოვრობენ. მათ შვილი არ ჰყავთ. დაქორწინება ძალიან უნდათ, მაგრამ კანონი ამის საშუალებას არ აძლევთ. არადა, ერთმანეთი ძალიან უყვართ. თუ არ გჯერათ, გაგახსენებთ, რომ ერთად 12 წელია ცხოვრობენ. ეს დღეს ბევრს ნიშნავს. მათ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან. დათომ იცის, რომ სულიკოს მანამდე სხვა ყავდა, სულიკომაც იცის, რომ დათოც არ იყო მის გაცნობამდე მარტო. მაგრამ ისინი 12 წელია ერთმანეთის ერთგულები არიან.

ერთმანეთს განსაკუთრებული ყურადღებითა და რუდუნებით ექცევიან. ორივე მუშაობს. ერთი ექიმია, მეორე– მსახიობი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ ძალიან უნდოდათ, საერთო შვილი ჰყოლოდათ, მაგრამ ეს შეუძლებელია...

ისიც იფიქრეს, იქნებ გვეშვილა და გაგვეზარდაო, მაგრამ... კანონით ამის უფლება არ გაქვთ, ცოლ–ქმარი არ ხართ და ისე ორივე ვერ იშვილებთო. არადა, ორივეს უნდა საერთო შვილი.

ისე, ერთი კურიოზიც გადახდათ თავს; დათოს 3 თვის წინათ ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. გამოძიებას დღემდე ვერ დაუდგენია, დათო დაეჯახა თავისი ავტომობილით შემხვედრს, თუ –პირიქით. სულიკოც მასთან ერთად იყო. ჩვენში დარჩეს და სულიკო თავის გულში დათოს ადანაშაულებდა, ჩქარა გარბოდაო...

სხვა მხრივ იყო ეს შემთხვევა კურიოზი. მეორე მძღოლიც არ ყოფილა ავტომობილში მარტო. მასაც მეუღლე ახლდა, ოღონდ რეგისტრირებული. ის მეუღლეც გულში თვლიდა, რომ დამნაშავე მისი ქმარი იყო, რადგანაც ჩქარა მიდიოდა. პრინციპში, რაღა გულში, არც მალავდა ამას მანამ, სანამ გამომძიებელი ჰკითხავდა. უფრო სწორად, დაკითხვას დააპირებდა.

“იურისტი ვარ და ვიცი ჩემი მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება შემიძლია არ მოგცეო”, მოკლედ მოუჭრა და ავტომობილში დაბრუნდა.

სულიკომაც დააპირა იგივეს თქმა, მაგრამ გაახსენდა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იყო დათოსთან. გამომძიებელს მაინც არ შეეპუა და უთხრა, 12 წელია ერთად ვცხოვრობთ და ჩვენებას არ მოგცემო, მაგრამ გამომძიებელმა ზრდილობიანად, ოღონდ ზედმეტად მომღიმარი სახით უპასუხა, ეგ მხოლოდ მაშინ, თუ მეუღლეები რეგისტრირებულები იქნებით, ისე არაო...

თქვა სულიკომ, დათო ჩქარა გარბოდაო... კანონმორჩილია.

ისე, რას არ იფიქრებს ადამიანი. იმაზეც უფიქრიათ,  თუ ერთ დღესაც ვეღარ გავიღვიძებთ, რა  მოხდებაო. სახლი ერთად ცხოვრების მანძილზე დათომ შეიძინა. სულიკომ მის რემონტზე და ავეჯზე იზრუნა. დიდი არაფერია, 2 ოთახია, მაგრამ დათოს რომ რამე დაემართოს, სახლი კანონისმიერი მემკვიდრეობით მის მამას, გივის დარჩება, რომელიც არც დათოს  წყალობს და არც სულიკოს.

ალბათ, სულიკოს მეორე დღესვე სახლიდან მოისვრიან. ნოტარიუსთანაც იყვნენ მისულები. ანდერძი ორივემ დაწერა, და ქონების დატოვება ერთმანეთის სასიკეთოდ გადაწყვიტეს, მაგრამ ნოტარიუსმა– ბოლომდე მაინც ვერ იზამთ ასეო. პირველი რიგის მემკვიდრეებს (გივისო) სავალდებულო წილი მაინც შეხვდებათო. დათო კარგად იყოს და რამე რომ დაემართოს, გივი სულიკოს სახლის ნახევარს მაინც შეეცილება... არადა, დაქორწინებულები რომ იყვნენ, სხვაგვარად იქნებოდა... მაშინ გივი მხოლოდ ¼–ით შემოიფარგლებოდა...

ისე, დიდი ხანი აპირებენ სიცოცხლეს დათოც და სულიკოც. იმედი აქვთ, რომ რამე შეიცვლება. შეიცვლება კანონი და  თუ ქორწინებას ვერა, რაიმე სხვა სახით მაინც შეძლებენ იმ სიკეთეებით სარგებლობას, რაც უკვე ჩამოვთვალე.  სულიკო არ იქნება ვალდებული, მისცეს ჩვენება დათოს წინააღმდეგ, მათი ერთად შეძენილი ქონება თანასაკუთრება იქნება, მათ ერთმანეთის მიმართ მემკვიდრეობის უფლება ექნებათ და ა.შ. მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

დათო და სულიკო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არიან.


ავტორის შესახებ
გიორგი მშვენიერაძე, ადვოკატი


Комментариев нет:

Отправить комментарий