17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ასოციაცია „ინკლუზივის“ ორგანიზებით ორთაჭალაში აქციაზე მისულებმა მდინარე მტკვარზე ფერად ყვავილებში ჩადგმული სანთლები ჩაუშვეს, რითაც პატივი მიაგეს ჰომოფობიის მსხვერპლთა ხსოვნას. აქციის ერთერთი ძირითადი ორგანიზატორი, ბარტი თავისი განცდების შესახებ გვიამბობს, რასაც მომზადებისა და აქციის მსვლელობისას გრძნობდა:
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, 17 მაისის აღნიშვნის იდეისაკენ ჩემთვის უცნობი 26 წლის გეის დასაფლავებამ მიბიძგა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თავი მოიკლა. არ ვიცი რამ მიიყვანა ის ამ საშინელ გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ფაქტია რომ 38 წლის ვარ და მსგავსი საცოდაობა არცერთ ახალგაზრდა ადამიანის დასაფლავებაზე არ მინახავს. სანთლების იდეაც იქიდან წამოვიდა ალბათ, რომ მის საფლავზე სანთელი არ დანთებულა...
დაიბადა იდეა და გახმოვანდა facebook-ზე “ინკლუზიველების” დახურულ ჯგუფში. ყველას მაშინვე მოეწონა, თუმცა არავისთვის გამინდვია აქამდე რატომ მაინც და მაინც სანთლები, ხომ შეიძლებოდა უბრალოდ ჰელიუმიანი საჰაერო ბუშტები გაგვეშვა ჰაერში (როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება), უფრო ადვილი განსახორციელებელიც იყო და უფრო უსაფრთხოც.
ჩამოყალიბდა იდეა და დარჩა მხოლოდ განხორციელება.
ფინანსები... დიდი არაფერი, 50 ლარიც არ დამიხარჯავს.
ივენთის ტექსტი... ნერვიულობისგან და დაღლილობისგან ვეღარ ვაზროვნებდი და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს ვთხოვე ტექსტის შედგენა. ჩვენ დილის 4 საათამდე ვეკონტაქტებოდი ერთმანეთს FB-ზე და ტექსტიც ამ დროისთვის იყო მზად. ამ დროის განმავლობაში აღმოვაჩინეთ მე და ნინომ რომ IDAHO-ს ოფიციალურ საიტის რუქაზე საქართველო რუსეთის ტერიტორიად იყო აღნიშნული. სასწრაფოდ გავუგზავნე კახაბერს აპლიკაციის შესავსები ლინკი და მეორე დღეს სიამაყით აღვივსე, როდესაც საქართველო თავის აფხაზეთ-სამაჩაბლოიანად რუსეთისგან გამოყოფილი ვნახე IDAHO–ს რუქაზე. ეს კიდევ ერთი ბიძგი იყო იმისაკენ რამაც მაფიქრებინა, რომ უეჭველად უნდა აგვეღნიშნა ეს დღე.
დრო, აი მართლა საშინელება იყო... ხანდახან ორი-სამი დღე ისე გადის, ერთი საქმეც არ შემოდის სამსახურში, ივენთის გამოქვეყნებისთანავე კი 5 წუთითაც ვერ ვჯდებოდი, საგიჟეთი დაიწყო, სუფთა “ზაკონ პოდლოსტი”, ბოლოს გადავწყვიტე 17-ში დამესვენა და ყველაფერი იმ დღეს მომეგვარებინა, ასეც მოხდა.
ემოციები... მთელი ერთი კვირა ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი. “ინკლუზიველები”, ვისაც როგორ შეეძლო ჩემს გვერდით იყო, ვგრძნობდი რომ ერთნი ვიყავით, ასე მეგონა მთებს გადავდგავდით თუმცა რაც უფრო ახლოვდებოდა 17 მაისი უფრო და უფრო მაგრად მეშინოდა, უფრო და უფრო ვნერვიულობდი, მაგრამ აზრადაც არ გამივლია, რომ ივენთი გაგვეუქმებინა. ვფიქრობდი, მარტოც რომ მივიდე 3-4 “ინკლუზიველთან” ერთად, ესეც კარგი იქნება, მთავარია კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას, კიდევ ცოტათი წავიწიოთ წინ, დავანახოთ ხალხს რომ ჩვენ ვარსებობთ!
მაგრად ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, ეეე ბიჭოო, შენ კი თვლი და ამბობ რომ ერის და ბერის წინაშე ვალი მოხდილი გაქვს, სახლიც აგიშენებია, ხეც დაგირგავს, შვილიც გყავს, მაგრამ ამ ხალხს რომ აგულიანებ ამ ფანატიკოსი ჰომოფობების სახელმწიფოში და გარეთ გასვლისკენ მოუწოდებ, რა იცი რა ხდება? დაძაბული ვკითხულობდი ფორუმებზე და FB–ზე ჩვენსკენ მომართულ სიძულვილით აღსავსე ფრაზებს და უფრო და უფრო ვნერვიულობდი. ჰო, მაგრამ ოდესღაც, ვიღაც ხომ უნდა გამოვიდეს გარეთ, ხომ უნდა ითქვას სათქმელი? მე არ მინდა ჩემი შვილი ასეთი ზიზღით აღსავსე ხალხში ცხოვრობდეს, არ მინდა რომ თუ ჩემი შვილიშვილი ჰომოსექსუალი იქნება, მანაც იგივე შეურაცხყოფა და დამცირება გადაიტანოს, რაც მე გადავიტანე, მხოლოდ იმიტომ რომ ჰომოფობების ნახევარზე მეტი თავად არიან არარეალიზებული ჰომოსექსუალები, მეორე ნახევარი კი საერთოდ გაუნათლებელია ამ საკითხში და ვითომ რელიგიური მოტივით ხსნის თავისი გაუნათლებლობით გამოწვეულ გაუცნობიერებელ შიშს, ადამიანს ხომ უმეტესწილად ეშინია იმის რაც არ აქვს შესწავლილ-შეცნობილი.
მსგავს რაღაცას პირველად ვაკეთებდი, ანუ პირველად ვუკეთებდი მარტო ორგანიზებას ისეთ ღონისძიებას, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყო “ინკლუზიველებისთვის” და ზოგადად ლგბტ თემისათვის. ამიტომ ყოვლად გამოუცდელმა ასეთ საკითხებში, 16-ში მივმართე გარემოს დაცვის სამსახურს, სადაც სამჯერ დარეკვამ შედეგი არ გამოიღო და მხოლოდ მობილურის ნომრის დატოვების შემდეგ ზუსტად ორ წუთში მივიღე პასუხი, რომ მათგან ნებართვა არ მჭირდებოდა. ამ ფაქტმა ნერვიულობა უფრო გააძლიერა: რატომ მკითხეს ნომერი, ხომ ვურეკავდი თავად ან ასე როგორ დაემთხვა, რომ ნომრის მიცემიდან ზუსტად 2 წუთში გაარკვიეს, ხომ მითხრეს ვარკვევთ ბატონო, არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და დრო გვჭირდებაო და უცბად, ჰოპ ორ წუთში გადმომირეკეს...
გათენდა 17 მაისიც, შეიძლება ითქვას რომ რვა საათამდე ნერვიულობა სანთლების მზადებამ გადამატანინა ყველაფერი მზად არის, მაგრამ მზად არის შიშიც, რომლის ბოლო წვეთი ჩემთვის უცნობი ჟურნალისტის თხოვნა აღმოჩნდა, რომელიც ამ შეკრების გადაღების ნებართვას მთხოვდა. როგორც ყველა საკითხი, რაც ივენთს ეხებოდა, ესეც განსახილველად ჯგუფში შევაგდე და... კინაღამ ჩაიშალა ყველაფერი! უფრო გაძლიერდა ფიქრი, რომ მარტო მე მივიდოდი მეტეხის ხიდზე... თუმცა ვფიქრობდი, რომ რადგან უცხო ჟურნალისტმა გაიგო, მმკ და სადღობელაანთ ბალღსაც ეცოდინება და მგონი უკეთესიც იქნება რაც ნაკლები ხალხი მოვა და მით უმეტეს თუ მარტო ვიქნები, ამ შემთხვევაში უკეთესიც კია-მეთქი.
ჯერ კიდევ ცხრის თხუთმეტი წუთი იყო, მე კი უკვე მეტეხის ხიდზე ვიდექი და იმ ადგილს გავყურებდი, საიდანაც სანთლები მდინარეში უნდა ჩაგვეშვა. შიშს დიდი თვალები აქვსო, მართალი უთქვამთ, მით უმეტეს როცა ამდენი ურა-პატრიოტებით და ვაი-ქრისტიანებით სავსე ჰომოფობიურ ქვეყანაში ასეთი შეკრების მოწყობით სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობას იღებ თავზე. მეშინოდა არ მოვარდნილიყო ვინმე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით ისევ არ ჩაეკეტა ლგბტ საზოგადოების წევრები თავიანთ ნაჭუჭში, ვნერვიულობდი რომ თავიანთი ვანდალური გამოხტომით ვაი-პატრიოტობის და ვაი-ქრისტიანობის ნიღაბ აფარებულ ქართველებს ისევ არ შეერცხვინათ ჩემი ქვეყანა... მეშინოდა და ვნერვიულობდი...
თუმცა შეგრძნება იმისა, რომ 10-15 ადამიანი (მეტს ნამდვილად არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ივენთზე მოსვლის ღილაკს 50-მდე ადამიანმა დააკლიკა მაუსი) მაინც მოვიდოდა და ჩვენს ბლოგზე დაიდებოდა 3-4 სურათი იმის მამტკიცებელ საბუთად, რომ ივენთი შედგა, რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ არ ველოდებით სხვას, მოვიდეს და გადადგას ჩვენი გადასადგმელი ნაბიჯი- მამხნევებდა.
პირველი სანთლის ანთებისთანავე დაძაბულობა და შიში მომეხსნა, თითქოს ვიგრძენი როგორ ამოისუნთქა თავისუფლად ჩემმა მეგობარმა დ-მ, რომელიც ხუთიოდე წლის წინ მოკლეს (მისმა ოჯახმა დღესაც არ იცის, რომ მხეცური მკვლელობის მიზეზი მისი ორიენტაცია გახდა), როგორ გამიღიმა ჩემთვის უცნობმა 26 წლის თვითმკვლელმა გეიმ და ზურგიდან თითქოს რაღაც ტვირთი მომეხსნა...
და ბოლოს...
უღრმესი მადლობა თანადგომისათვის ყველას, ვინც შემოგვიერთდა აქციაზე! დიდი მადლობა ფონდ "ინკლუზივს", რომლის არსებობის და მუშაობის ლოგიკური შედეგი იყო დღევანდელი დღე! დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს დღეები გვერდით მედგა :) ყველა მიყვარხართ!!!
P.შ. ამ დღეებში ვიგრძენი, რომ უფრო მეტად გავიგე რას გრძნობდა პაკო და უფრო მეტი სიახლოვე ვიგრძენი მასთან და ყველაზე სასიამოვნო დასასრული და ალბათ ყველაზე დიდი შეფასება დღევანდელი დღის, რაც ამ საღამოს მელოდა, იყო მისი სიტყვები:
პაატა საბელაშვილი – მე დღეს ძალიან ამაყი ვარ!
ფოტოები: civil.ge
დაე ნათელში იყოს მათი სულები.....
ОтветитьУдалитьძალიან კარგი რამ გააკეთეთ ხალხო!
მიყვარხართ!