четверг, 17 марта 2011 г.

ბრიტანეთის მთავრობა გეი–ფეხბურთელების ქამინ–აუთის მხარდაჭერას აპირებს

დიდი ბრიტანეთის თანასწორობის მინისტრმა ლინ ფეზერსთოუნმა განაცხადა, რომ მთავრობა ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობას აპირებს, რომ ხელი შეუწყოს ჰომოსექსუალი ფეხბურთელების ქამინ–აუთს.

ეს საკითხი დაყენებული იქნა თემთა პალატაში, როდესაც კითხვებს მთავრობის წევრებს უსვამდნენ. კონსერვატორმა დეპუტატმა მარკ მენზისმა მინისტრს ჰკითხა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ „კეთილგანწყობილი ატმოსფერო“ შეიქმნას სპორტის სფეროში ისეთი სპორტსმენების განხადებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა კრიკეტის მოთამაშე სტივენ დევისი ან რაგბისტი გარეტ ტომასი, რომლებმაც საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ ხმამაღლა განაცხადეს.

ფეზერსთოუნმა სპორტსმენებს ქამინ–აუთი მიულოცა და დასძინა: „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ვითანამშრომლებთ ფეხბურთის ასოციაციასთან, რომ შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, რომელშიც ფეხბურთელები თავისუფლად იგრძნობენ თავს, რათა საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ განაცხადონ, თუ მათ ამისი სურვილი ექნებათ“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნებისმიერმა სპორტსმენმა ისეთ სპორტულ მოედანზე უნდა ითამაშოს, რომელიც თავისუფალი იქნება დისკრიმინაციის ყველანაირი სახეობისგან.

მიმდინარე კვირას შვედმა ფეხბურთელმა ანტონ ჰიუზენმა, რომელიც „ლივერპულის“ ყოფილი მოთამაშის გლენ ჰიუზენის შვილია, განაცხადა, რომ გეია.

ბრიტანეთში მხოლოდ ერთი გახსნილი გეი ფეხბურთელი იყო. ჯასტინ ფეშანომ 1998 წელს თავი მოიკლა, რადგან მისი სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფებს და დაცინვას ვეღარ გაუძლო.

გასულ წელს ბრიტანეთის ფეხბურთის ასოციაციამ გააუქმა მისივე დაკვეთით გადაღებული ანტიჰმოფობური ვიდეოს ჩვენება. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფილმი დასრულებული არ არის, რომლის ჩვენებაც დაგეგმილი იყო სავარჯიშო და განმანათლებელი მასალის სახით.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს მხარი დაუჭირეს ელტონ ჯონმა და ბრიტანეთის რაგბისა და ფეხბურთის  კავშირის თავმჯდომარემ, ფეხბურთელებიდან მხარდაჭერა არცერთს არ გამოუხატავს.

пятница, 11 марта 2011 г.

იცოდით, რომ ნიახურის ჭამა ჰეტეროსექსუალებს გეებად აქცევს?

ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა ქრისტიანულ სასწავლებლებში გეებს სდევნიან და მათ შესახებ არასწორ სტერეოტიპებს ამკვიდრებენ. ზოგჯერ გეების წინააღმდეგ ბრძოლა კომიკურ ხასიათსაც იღებს, რისი მომსწრენიც საქართველოშიც არაერთხელ ვყოფილვართ საკუთარი ჰეტეროსექსუალობის ზღვარგადასული მტკიცებით საჯარო სივრცეში, თუნდაც გივი სიხარულიძის ბოლო სასოწარკვეთილ კივილს თუ გავიხსენებთ, როგორ მოუწოდებდა სცენიდან „სოფლელებს“ ქალაქში ჩამოსვლისკენ, რადგან თურმე ქალაქი „ცისფერებმა“ წალეკეს, თითქოს სოფლებში არ არსებობენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები.

პორტალი Queerty.com იტყობინება, რომ ამერიკული ქრისტიანული უნივერსიტეტის „ლიბერტის“ მეცნიერებმა თურმე დაადგინეს, რომ ნიახურის გამოყენება საკვებად ჰეტეროსექსუალებს პრაქტიკულად ჰომოსექსუალებად აქცევს (?!).

სტუდია FND Films–ის ბიჭებმა კი გადაწყვიტეს, რომ მეცნიერების ამ დიდი აღმოჩენის ვიზუალიზაცია მოეხდინათ და ეჩვენებინათ რა ემართებად ნამდვილ ჰეტეროსექსუალებს, „როგორც წესი“, როცა ისინი ნიახურის გურმანები არიან.

вторник, 8 марта 2011 г.

ჯგუფ R.E.M.–ის ლიდერი მაიკ სტაიპი: 80%–ით გეი ვარ

ჯგუფ R.E.M.–ის სოლისტმა მაიკ სტაიპმა გაზეთ Observer–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ 80%–ით არის გეი, ხოლო სიტყვა „ბისექსუალი“ არ მოსწონს. 51 წლის მომღერალმა თქვა: „სექსუალობის შკალის მიხედვით საკუთარ თავს ვაფასებ როგორც 80% გეი და 20% ჰეტეროსექსუალი, თუმცა მე აშკარად მამაკაცები უფრო მომწონს, მაგრამ ქალებიც... სექსი ქალებთანაც მქონდა, ვიდე ჩემი ამჟამინდელი ბოიფრენდი შემიყვარდებოდა.

დიდი ხნის მანძილზე დავწანწალებდი ორ ბანაკს შორის, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი ადგილი არც გეებს და არ ჰეტეროსექსუალებს შორისაა. მაგრამ ჩემს თავს ბისექსუალს ვერ ვუწოდებ. მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი იარლიყის მიწებება საკუთარი თავისთვის ზედმეტი იქნება, – ამბობს მაიკი.



ავსტრალიაში ლესბი წყვილს 5 ტყუპი გაუჩნდა


ავსტრალიელ ლესბი წყვილს 27 წლის მელისა კივერსს და მის 22 წლის პარტნიორს როზმარი ნოლანს 5 ტყუპი შეეძინათ: 2 ბიჭი და 3 გოგონა. ბავშვებს დაარქვეს ჩარლი, ნოი, ეირინი, ივი და ები. ბავშვების ბიოლოგიური დედაა მელისა, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. მშრობიარობის პროცესში  25 მედიკოსი მონაწილეობდა, რათა პრობლემები არ შექმნილიყო. დაბადებისთანავე ახალშობილები სპეციალურ ბაროკამერებში მოათავსეს, რადგან ძალიან პატარები იყვნენ.

ამ წყვილის შესახებ მსოფლიოს უამრავმა გაზეთმა დაწერა, რადგან ჩასახვა ჩვეულებრივი ხელოვნური განაყოფიერების გზით მოხდა ანონიმი დონორის სპერმის გამოყენებით და არა ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით (სინჯარაში განაყოფიერება), ხოლო ჩვეულებრივი ხელოვნური განაყოფიერებისას 5 ტყუპის ჩასახვის შანსი ძალიან მცირეა. დონორის ვინაობა არ მჟღავნდება, ცნობილია მხოლოდ, რომ ის 27 წლის ამერიკელი სტუდენტი იურისტია. მასთან წინასწარ გაფორმდა ხელშეკრულება, რომ უარს აცხადებს მამობრივ უფლებებზე. წყვილს უკვე ჰყავდა 18 თვის გოგონა მაგრამ მათ მეორე შვილის უნდოდათ, შედეგად კი ექვსი შვილის მშობლები გახდნენ.

ამ ყველაფერთან ერთად არის ერთი უსიამოვნო ფაქტიც: წყვილი ქვინსლენდში ცხოვრობს, სადაც ერთსქესიანი ქორწინების არანაირი ფორმა აღიარებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი კანონებით როზმარი ნოლანს ბავშვებზე არანაირი უფლება არ აქვს და არც მათი შვილად აყვანა შეუძლია. ამის შესახებ წერს Pinknews.co.uk.



მექსიკაში ერთსქესიანი ქორწინების ბუმია


მეხიკოში ერთი წლის განმავლობაში 700–მა გეი და ლესბი წყვილმა გადაწყვიტა დაქორწინება. ზუსტად ერთი წლის წინ ლათინური ამერიკის ისტორიაში პირველად მექსიკაში მიიღეს კანონი, რომელიც ერთი სქესის ადამიანეებს დაქორწინების უფლებას აძლევს. როგორც მეხიკოს მუნიციპალიტეტის სტატისტიკა იუწყება, 2010 წლის 4 მარტიდან (კანონის ძალაში შესვლის დღე) დღემდე ოფიციალური ქორწინება გააფორმა მამაკაცების 367–მა წყვილმა და ქალების 333–მა წყვილმა.



понедельник, 7 марта 2011 г.

სერბ ეპისკოპოს მოუწოდებენ ბოდიში მოუხადოს გეებს


ადამიანის უფლებების დამცველი სერბული ორგანიზაცის წარმომადგენელმა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპოსკოპოსს მოუწოდა, რომ საჯარო ბოდიში მოიხადოს გეებისა და ლესბოსელების მიმართ თავისი კრიტიკული გამონათქვამების გამო. ამის შესახებ იტყობინება რადიო „თავისუფლება“. უფლებადამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის“ ხელმძღვანელმა ნევენა პეტრუსიჩმა განაცხადა, რომ ეპისკოპოს ამფილოქიოსს შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარსდგომა მოუწიოს, თუკი ის ბოდიშს არ მოიხდის.

2010 წლის დეკემბერში ბელგრადში ჩატარებული გეი–აღლუმის შემდეგ ეპისკოპოსმა მკაცრად გააკრიტიკა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები. ჰომოსექსუალები მან ასევე დაადანაშაულა იმ არეულობებში, რომლებიც ბელგრადში მას შემდეგ დაწიყო, რაც ჰომოფობთა ექსტრემისტული დაჯგუფებები პოლიციელებს დაესხნენ თავს, რომლებიც გეი–აღლუმის მონაწილეთა უსაფრთხოებას იცავდნენ.

пятница, 4 марта 2011 г.

გეი წყვილმა Burger King–ს 3,15 მლნ. დოლარი მოუგო სასამართლოში


ნიუ–ჯერსიში მცხოვრებმა გეი წყვილმა, რომელიც 2007 წელს რესტორან Burger King–ის თანამშრომელთა მხრიდან ჰომოფობური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რესტორნების ამ ქსელს სასამართლოში 3,15 მილიონი დოლარი მოუგო. სასამართლო მოსმენაზე მოსარჩლეებმა 43 წლის პიტერ კასბარმა და 46 წლის ნოელ რობიშომ განაცხადეს, რომ რესტორნის თანამშრომელმა, რომელიც მათგან შეკვეთას იღებდა, ჩხუბი დაუწყო კლიენტებს, შემდეგ კი თავის სხვა თანამშრომლებსაც დაუძახა, რომელთაც კლიენტების შეურაცხყოფა დაიწყეს. ამის შემდეგ წყვილი იძულებული გახდა რესტორნიდან გასულიყო.


„მენეჯერმა და რესტორნის თანამშრომლებმა რესტორნიდან გასული წყვილის დევნა დაიწყეს. თანამშრომლები უმოწყალოდ სცემდნენ ამ ორ მამაკაცს, აფურთხებდნენ და ჰომოფობური შეძახეილებით შეურაცხყოფდნენ მათ“, – განაცხადა პროცესზე დაზარალებულთა ადვოკატმა. კასბარმა და რობიშომ სასამართლოზე განაცხადეს, რომ ისინი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ. ნაფიცი მსაჯულები დაზარალებულებს დაეთანხმნენ და დაადგინეს, რომ Food Service Properties Corp.–მა და Union City Restaurant Corp.–მა, რომლებიც Burger King–ის რესტორნების ქსელის მფლობელები არიან, მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაურონ და დაზარალებულებს 3,15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ. ამის შესახებ წერს ჟურნალი Advocate.