четверг, 31 марта 2011 г.

ფეხბურთელი ანტონ ჰიუზენი: „თუ ქამინ–აუთის პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ დამირეკოთ“

შვედმა ფეხბურთელმა ანტონ ჰიუზენმა, რომელმაც საკუთარი ორიენტაციის შესახებ ახლახანს განაცხადა საჯაროდ, თქვა, რომ სხვა სპორტსმენებს, რომლებიც იძულებულნი არიან „კარადაში დაიმალონ“, შეუძლიატ დაურეკონ მას და მისგან მხარდაჭერა მიიღონ.



უმაღლესი ლიგის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ქამინ–აუთი გაიკეთა, ბრიტანული პრემიერ–ლიგის მოთამაშე ჯასტინ ფაშანუ იყო, რომელმაც ვერ გაუძლო შევიწროებას და დაცინვას და 1998 წელს თავი მოიკლა. მაგრამ ახლა დრო შეიცვალა, – დარწმუნებულია ჰიუზენი, თუმცა მას ესმის, რომ ფეხბურთელისთვის ქამინ–აუთი არც ისეთი მარტივია.

The Guardian–ისთვის მიცემულ ინტერვიუში 20 წლის სპორტსმენმა განაცხადა, რომ საკუთარ თავს მისაბაძ მაგალითად არ მიიჩნევს, თუმცა სურს რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს საკუთარი სექსუალობის პრობლემების მოგვარებაში. „იმაში, რომ მე გეი ვარ, განსაკუთრებული არაფერია. ადამიანები მეუბნებიან, რომ ახლა ცნობილი გავხდი, მაგრამ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. თუმცა თუ ჩემი საქციელი სხვა ადამიანებს დაეხმარება, მზად ვარ, რომ ამისთვის ყველაფერი გავაკეთო. თუ ვინმეს ქამინ–აუთი სურს და ეშინია, შეუძლია დამირეკოს“.

ფეხბურთელის თქმით, იგი მოხარულია მთელი იმ რეაქციის, რომელიც მის ქმედებას მოჰყვა და რომელიც მთლიანად პოზიტიური იყო. ანტონი ამბობს, რომ მხოლოდ ერთი შეურაცხმყოფელი წერილი მიიღო თავისი თაყვანისმცემლისგან. „გასულ კვირას მატარებლით ვმგზავრობდი და ერთმა გოგონამ მითხრა: „შენ ეს სამყარო უკეთესი გახადე და მადლობა რომ ეს ყველასთვის გააკეთე“. მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ამაში რაღაც მაინც არის. მართალია უმაღლეს ლიგაში არ ვთამაშობ, მაგრამ მე კვლავინდებურად მინდა, რომ ვითამაში ამ ლიგაში. და ჯერჯერობით მე ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელი ვარ, რომელმაც ქამინთ–აუთი გაიკეთა. რა თქმა უნდა, ეს მოვლენაა“.

ჰიუზენი ამტკიცებს, რომ მისმა თანაგუნდელებმა მისი ქამინ–აუთი დადებითად მიიღეს, ხოლო ის, რომ გასახდელში მის მიმართ არასაწყენად ხუმრობდნენ, მისთვის ეს პრობლემა არ არის. „ყველამ დადებითად მიიღო და რა მნიშვნელობა აქვს ხუმრობას გეებზე? მე თვითონაც მიყვარს ასეთი ხუმრობები“.

სხვა სტატიები ამ თემაზე:

среда, 30 марта 2011 г.

ლალი მოროშკინა გეი–ქორწინებაზე მეჯვარედ წასვლას არ გამორიცხავს

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელსაც წლების წინ მთავრობაში მინისტრის მოადგილის პოსტიც ეკავა, აცხადებს, რომ მზად არის გეი–ქორწინებაში მეჯვარედ გაჰყვეს მეგობრებს, თუკი ასეთი საჭიროება იქნება. ამის შესახებ მოროშკინამ 29 მარტს „იმედის“ ტელეარხზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში განაცხადა, სადაც იგი თავისი ჯერ კიდევ დაუსრულებელი წიგნის შესახებ საუბრობდა.


„მე თვითონ წარმოვადგენ ეთნიკურ უმცირესობების არასამთავრობოს, რომელიც იცავს ეთნიკურ უმცირესობებს. მე აბსოლუტურად მხარდამჭერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც რაღაც აირჩია ცხოვრებაში, როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობს, და ვთქვათ, ვისთანაც ერთად უნდა, იყოფს სარეცელს“ – თქვა მოროშკინამ.

მისი თქმით, იგი არ ერჩის „არცერთ უმცირესობას, მათ შორის სექსუალურს. ოღონდაც ვიცოდე და ეს ადამიანი ამბობდეს, რომ მიეკუთვნება ასეთი სახის ორიენტაციას. მე ვამბობ, მე წავყვები ერთსქესიან ქორწილში მეჯვარედ. მე მყავს ასეთი მეგობრები“.

თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ თავის ახალ წიგნში რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით მხატვრულ ჟანრში, სახელების მითითების გარეშე აღწერს ისეთ ამბებს, რომლებსაც საქართველოში ჰქონდა ადგილი და როდესაც ზოგიერთი საზოგადოებისთვის ცნობილი ან სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები თავიანთი მდგომარეობით სარგებლობდნენ და ახალგაზრდა მამაკაცებს, ისევე როგორც ქალებს, აიძულებდნენ რომ მათთვის ან სხვისთვის სექსუალური მომსახურეობა გაეწიათ.

მოროშკინა აღნიშნავს, რომ ეს ისტორიები მან facebook–ის მეშვეობით მოიპოვა და წიგნში გამოყენების მიზნით პიროვნებების სახელები შეცვალა, ასევე არ არის მითითებული არც კონკრეტული ადგილები და მოქმედების დრო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ მის წიგნში საკუთარი თავი ამოიცნო და მასზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა გადაწყვიტა, ყველა თავისი ისტორია რეალური სახელების და ადგილების მითითებით მას ნოტარიალურად აქვს დამოწმებული და საიმედო ადგილზე შენახული.


მოროშკინამ ასევე განაცხადა, რომ მას არ მოსწონს, როდესაც ტელეეთერში ბევრი ცნობილი მამაკაცი აცხადებს, რომ არ მოსწონს ქართველი ქალები და ამიტომ არ ჰყავს არც მეგობარი ქალი და არ მოჰყავს ცოლი, მაშინ როდესაც მას საერთოდ არ მოსწონს ქალები, არა თუ მარტო ქართველები.

вторник, 29 марта 2011 г.

ანასტასია ვოლოჩკოვამ რუსეთის ეკლესიას მოუწოდა თავი შეიკავოს გეების შევიწროებისგან


რუსეთის დამსახურებულმა არტისტმა, მარინის თეატრის, „ბოლშოი“ თეატრის და ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა–ბალერინამ ანასტასია ვოლოჩკოვამ თავის ბლოგზე მკაცრად გააკრიტიკა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლები ჰომოსექსუალების მიმართ მათი დამოკიდებულების გამო. ამისკენ მას უბიძგა მისი ოპონენტის დეკანოზ ვსევოლოდ ჩაპლინის ჰომოფობურმა განცხადებებმა. ეს დეკანოზი მოსკოვის საპატრიარქოში „ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობებს“ კურირებს.

ვოლოჩკოვა აღაშფოთა ჩაპლინის მიერ მისთვის ჩვეულ სტილში გაკეთებულმა განცახდებებმა, რომლითაც მან ჰომოსექსუალობა ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმს შეადარა. „მთლად ვერ გავიგე, რა საჭირო იყო პირველ რიგში უამრავი დიდი ადამიანის შეურაცხყოფა, როგორც წარსულიდან ისევე აწმყოშიც და მათი შედარება და სოციალიზაციის თვალსაზრისით მართლაც დაცემულ ადამიანებთან მათი შედარება (მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მსახიობი, მხატვარი ალკოჰოლიზმითაა შეპყრობილი, ნუთუ მათაც დაცემული ადამიანები უნდა ვუწოდოთ?!), და გარდა ამისა, იმ ადამიანების უმრავლესობისა, რომლებიც ცხოვრებაში თვითგამორკვევისკენ ესწრაფვიან?“ –წერს ვოლოჩკოვა.

„ჰომოსექსუალობა ცოდვაა... მაგრამ როგორც კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ვხედავთ, ეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის, ცდილობს ჰეტეროსექსუალი გახდეს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს. საზოგადოება კი არ არის მომთმენი ერთსქესიანი კავშირების მიმართ და ადამიანები იძულებულნი არიან დამალონ თავისი გრძნობები, მოიგონონ ლეგენდები, თუ რატომ არ ჰყავთ ოჯახი. ამის გამო ვერ არიან ბედნიერები. ხოლო თუკი მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადეს თავის შესახებ, ჰომოფობების ტავდასხმების მსხვერპლნი ხდებიან...“ – ამბობს ვოლოჩკოვა.

„რატომ უნდა ვახდენდეთ ზედმეტად ნეგატიური დამოკიდებულების პროვოცირებას ამ ადამიანების მიმართ, რომლებსაც თვითონაც კი არ შეუძლიათ რომ შეიცვალონ, როცა მათ ეს სურთ, ხოლო ქადაგებებით მით უმეტეს...“ – წერს ვოლოჩკოვა.

ბალერინამ მართლმადიდებლებს მოუწოდა, რომ უარი თქვან ერთსქესიანი ოჯახების წინააღმდეგ გამოხტომებისგან და მეტი ყურადღება დაუთმონ „ტრადიციულ ოჯახებს“.

„როგორ გამოიწვევს საზოგადოების დეგრადაციას ის, თუ ჰომოსექსუალები დამალვას შეწყვეტენ?“, – ამბობს ვოლოჩკოვა, – „საზოგადოება უფრო მალე განიცდის დეგრადაციას, თუ არ გავხდებით ერთმანეთის მიმართ მომთმენი, თუ არ მივიღებთ ერთმანეთს ისეთებად, როგორებიც ვართ და თუ არ შევწყვეთ საკუთარი აზრის სხვისთვის თავზე მოხვევას“.

ბალერინას მიერ ლგბტ ადამიანებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა დაემთხვა რუსეთში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული კვირეულის დაწყებას.

ვოლოჩკოვასა და დეკანოზ ჩაპლინის დაპირისპირება უკვე თვეებია გრძელდება. ბალერინა, რომელიც ტავისი საქველმოქმედო პროექტებითაა ცნობილი ე.წ. „მართლმადიდებლური დრეს–კოდის“ წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც მამაკაცებისა და ქალების გარეგნული იერსახის რეგულირებას ითვალისწინებს საზოგადოებრივ ადგილებში. მარტის დასაწყისში კი ბალერინამ ასევე მკაცრად გააკრიტიკა კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ტკაჩოვი, რომელსაც „არამარტო ჰომოფობი, არამედ შოვინისტიც“ უწოდა.

„ნიჭიერის“ სცენაზე გახსნილი გეის ცეკვა წარუმატებელი გამოდგა


პირველად ქართული საესტრადო ჟანრის არსებობის მანძილზე გახნილმა გეიმ „ნიჭიერის“ სცენაზე სცადა ბედი, თუმცა მის მიერ შესრულებული აღმოსავლური ცეკვა ჟიურიმ ორი ხმით ერთის წინააღმდეგ ჩააგდო და მოცეკვავე შემდეგ ეტაპზე აღარ გაუშვა.

ლერი ბექაური ეს ის პიროვნებაა, რომელმაც თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ პირველად საჯაროდ სატელევიზიო სივცრეში ტელეიმედის „სიმართლის დროში განაცხადა“. მას შემდეგ ეს პიროვნება კიდევ ერთხელ გამოჩნდა უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა ხოფერიას „აუდიტორიაშო“, სადაც ჰომოფობ პოლიტიკოსებს დაუპირისპირდა და არც თუ მრავლისმთქმელი არგუმენტებით ცდილობდა გეი ადამიანების უფლებების დაცვას.


„ნიჭიერში“ შესრულებული ნომერი ლერი ბექაურს ჟიურიში მსხდომმა გეგა ფალავანდიშვილმა და ვანო ჯავახიშვილმა დაუწუნეს და ერთადერთი ადამიანი, რომელიც მოცეკვავის დაცვას ცდილობდა, მომღღერალი სოფო ნიჟარაძე იყო, თუმცა მისი ხმა ორი მამაკაცის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. ბექაურის მიერ შესრულებული ნომერი, ალბათ, სრულყოფილებისგან შორს იყო, მაგრამ აშკარაა, რომ ჟიურის მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მიღებისას უფრო სხვა არგუმენტებით ისარგებლეს, ვიდრე ცეკვის სასცენო მიზანშეწონილობა. მათი ძირითადი არგუმენტი იმაში გამოიხატებოდა, რომ ეს ცეკვა თურმე ქალების ცეკვა ყოფილა. არა და ვანო და გეგა ცდებიან, რადგან ლერი ბექაურს ქალების ცეკვა სულაც არ შეუსრულებია. ეს იყო აღმოსავლური ე.წ. „მუცლის ცეკვა“, რომელსაც ჟიურის წევრების გასაკვირად, მამაკაცებიც ასრულებენ და მსგავსი ნომრების მოძებნა ინტერნეტში რთული სულაც არ არის.


ვანო ჯავახიშვილს კი ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცის ხილვა და სცენური მიხვრა–მოხვრა ნამდვილად არ უნდა გაკვირვებოდა, უკვე წლებია მიშა ანდღულაძე წითელ ხალათში გამოწყობილი ნანულის სახით ვანო ჯავახიშვილის განუყრელი სასცენო მეორე ნახევარია.



"ნიჭიერის" ანალოგიური კონკურსში დანიაში ფინალისტი 15 წლის ლესბოსელი სარა გახდა, რომელიც კონკურსის დაწყებიდანვე თავის ორიენტაციას არ მალავდა. ფინალში მან ლედი გაგას სიმღერა Poker Face შეასრულა, რომელშიც სიტყვები იმგვარად შეცვალა, რომ სიმღერა ქალისადმი ყოფილიყო მიმართული. საბოლოო გამარჯვებული "სმს" კენჭისყრით გამოვლინდა.


суббота, 26 марта 2011 г.

გახსნილი გეი–რესპუბლიკელი აშშ–ის პრეზიტენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს


აშშ–ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ფრედ კარგერმა, რომელიც თავის ჰომოსექსუალობას არ მალავს, განაცხადა, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამგვარად, კარგერი პირველი გახსნილი გეი იქნება აშშ–ის სახელმწიფო ლიდერის პოსტის პრეტედენტთა შორის. კარგერმა შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გაატარა რეგისტრაციაში ფედერალურ საარჩევნო კომისიაში.

როდესაც CBS–ის კორესპონდენტი შეეკითხა კარგერს, რატომ წარმოადგენს იგი პარტიას, რომელიც ისტორიულად გეი–თანასწორობოს წინააღმდეგია, მან უპასუხა: „გეი–რესპუბლიკელი ეს რაღაც ოქსიუმორონის მსგავსია )ოქსიუმორონი – სტილისტური ფიგურა, რომელიც გულისხმობს საწიმააღმდეგო შინაარსის და მნიშვნელობის სიტყვების შეხამებას, მაგალითად „ცხელი თოვლი“ ან „უსასრულობის დასასრული“ და ა.შ.). მაგრამ ჩემს პარტიაში მე ყოველთვის მებრძოლი ვიყავი და მის ზომიერ ფრთას წარმოვადგენ. გარდა ამისა, მე ლი ათუოტერის (Lee Atwater) პროტეჟე ვარ (რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური კონსულტანტი და სტრატეგი, პრეზიდენტების რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუში უფროსის მრჩეველი, რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტის ექს–თავმჯდომარე).

„ჩვენ უნდა გავხსნათ“ ამ პარტიის წარმომადგენელთა ცნობიერება“, – განაგრძო კრეგერმა, – „და ეს არის ერთერთი მიზეზი, რის გამოც ვაპირებ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. პარტია არ უნდა იმყოფებოდეს რომელიმე ფრაქციის ბატონობის ქვეშ. პარტია ღია უნდა იყოს ყველასთვის“.

ფრედ კარგერი ამტკიცებს, რომ ქვეყანას ახალი ლიდერები სჭირდება. „მე არ ვინა ვიყო ჩვეულებრივი რესპუბლიკელი“, – ამბობს იგი? – „არ მინდა ვიყო ისეთი ტიპაჟი, რომელსაც შევეჩვიე, როცა ვიზრდებოდი. საკუთარ თავს პროგრესულ ადამიანად ვთვლი. უკანასკნელი პროგრესული რესპუბლიკელი პრეზიდენტი ქვეყანას 100 წელზე მეტი ხნის წინ მართავდა – ეს იყო თეოდორ რუზველტი“.

კარგერი პირველად მიიღებს მონაწილეობას არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ საერთოდ ნებისმიერი სახის არჩევნებში. ადრე მას უმუშავია პრეზიდენტების – ფორდის, რეიგანის და ბუში უფროსის წინასაარჩევნო კამპანიებში მრჩევლად. იგი რჩებოდა ე.წ. „კულისებსმიღმა მოთამაშედ“, ანუ ადამიანად, რომელიც სცენაზე არ გადიოდა, მაგრამ გავლენას ყოველთვის ინარჩუნებდა. ასეთი იყო კარგერი 35 წლის განმავლობაში.

„თუნდაც ერთ ან რამდენიმე წინასაარჩევნო საპრეზიდენტოი კაპმპანიაში თუ მივიღებ მონაწილეობას, მაშინ მე შევქმნი ისტორიას“ – დარწმუნებულია კარგერი.

არც ისე დიდი ხნის წინ აშშ–ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ ამერიკა მზად არის, რომ პრეზიდენტად გახსნილი გეი აირჩიოს, რადგან აშშ–ის მოქალაქეებმა „მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს ჰომოსექსუალობის მიღების თვალსაზრისით“. კარტერს არ დაეთანხმა კონგრესმენი ბარნი ფრანკი, რომელიც აშშ–ის წამომადგენელთა პალატაში ერთერთია 4 გახსნილი გეი კონგრესმენიდან. ფრანკმა განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფედერალურ დონეზე ლეგალიზებული კანონების არარსებობა ერთსქესიანი ქორწინების შესახებ ბევრ კითხვას წარმოშობს იმასთან დაკავშირებით, რა სტატუსი ექნება მომავალი გეი პრეზიდენტის ერთსქესიან პარტნიორს და რა უფლებით იცხოვრებს იგი თეთრ სახლში.

ფრედ კარგერის მიერ CBS–ისთვის მიცემული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე >>>>

четверг, 24 марта 2011 г.

განცხადებას ლგბტ ადამიანის უფლებებზე საქართველო შეუერთდა


წყარო "ნეტგაზეთი" – 85 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა საერთო განცხადებას რომლის მიხედვითაც, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ქვეყნები მოუწოდებენ ქვეყნებს, დასრულდეს დისკრიმინაცია და ძალადობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით.


2006 წელს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ განცხადებას მხარი გაეროს 54–მა ქვეყანამ დაუჭირა, 2008 წელს კი,  67–მა ქვეყანამ. 

წელს განცხადების წარდგენას ამერიკის შეერთებული შტატები თავმჯდომარეობდა. წარდგენის ჯგუფში შედიოდნენ– სლოვაკეთი და კოლუმბიაც. მუშა ჯგუფი 30 ქვეყანაში ატარებდა დისკუსიებს და შეაგროვეს ხელმოწერები სხვა გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან. 

ეს სახელმწიფოებია: ალბანეთი, ანდორა, არგენტინა, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოლივია, ბოსნია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩილე, კოსტა რიკა, ხორვატია, კუბა, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა , დანია, დომინიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი , ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზიის, მონაკო, მონღოლეთი, მონტენეგრო, ნაურუ ნეპალი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნიკარაგუა, ნორვეგია, პალაუ, პანამა, პარაგვაი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუანდაში, სამოა, სან მარინო, სერბია, სეიშელის კუნძულები, სიერა ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, ტიმორი-ლესტ, ტუვალუ, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა, ურუგვაი, ვანუატუ და ვენესუელა. 
განცხადება ათი პუნქტისგან შედგება.

1. ვეხმაურებით წინა ერთობლივ განცხადებას ადამიანის უფლებებზე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, რომელიც წარმოდგენილი იყო ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2006 წელს.

2. გამოვხატავთ შეშფოთებას ყველა რეგიონში უწყვეტი ძალადობრივი აქტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევებთან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. მათ შორის, მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან, წამებასთან.
3. ვეხმაურებით ერთოვლივ განცხადებას, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 2008 წლის 18 დეკემბერს და რომელსაც მხარი დაუჭირეს სახელწიფოებმა ხუთივე რეგიონიდან.

4. მიველსალმებით, ყურადღება მიექცეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივანმა გამოსვლისას აღნიშნა, საყოველთაო დეკლარაცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის უფლებას, გამონაკლისების გარეშე და როდესაც ადამიანს თავს ესხმიან ბოროტად, მისი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო, საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს.

5. მივესალმებით ყველა იმ დადებით მოვლენას, რომელიც რეგიონში ბოლო სამი წლის მანძილზე მოხდა. როგორებიცაა –ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ რეზოლუციები. აღსანიშნავია მრავლი პოზიტიური საკანონმდებლო და პოლიტიკური ინიციატივა ამ თემებთან დაკავშირებით.

6. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ უნდა ითამაშოს დიდი როლი საკუთარი მანდატის ფარგლებში, რომ ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას, დისკრიმინაციის გარეშე.

7. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული საკითხები არის ძალიან მგრძნობიარე ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ ვადასტურებთ დიალოგის მნიშვნელობას და გვჯერა, რომ არსებობენ საერთო პრინციპები, თუნდაც ის, რომ არავინ იყოს სტიგმის, ძალადობისა და უხეში მოპრყობის მსხვერპლი. საბჭომ უნდა იხელმძღვანელოს არადისკრიმინაციული და უნივერსალური პრინციპებით.

8. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს, განიხილოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე და შეისწავლოს  ურთიერთობისა და კონსტრუქციული დიალოგის გაღრმავების შესაძლებლობები.

9. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ უნდა დამთავრდეს მარგინალიზებული ადამიანის უფლებების დარღვევა. და ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ განვაახლოთ ჩვენი ვალდებულებები ყოველგვარი დისკრიმინცაიის გამოვლენის წინააღმდეგ.

10. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, რომ მიიღონ ყველა ზომა იმისათვის, რომ დასრულდეს ძალადობრივი აქტები, კრიმინალური სანქციები, რომლებიც მიმართულია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, კერძოდ, მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო.

ანტიჰომოფობური ვიდეო ქართული სუბტიტრებით

საქართველოში ამ სიმღერას ხშირად და ბევრგან მოისმენთ, ბევრი ადამიანი ხალისობს ამ სიმღერაზე, თუმცა მათი დიდი ნაწილი ალბათ ბოლომდე ვერ ხვდება რაზეა ეს სიმღერა. სიმღერის და ვიდეოკლიპის მიზანია პროტესტის გამოხატვა ჰომოფობების მიმართ მათი შეუწყნარებლობის გამო. ამ სიმღერაზე რამდენიმე ასეთი ვიდეოკლიპი შეიქმნა, რომელშიც ნებაყოფლობით მონაწილეობენ მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და თვითონ უგზავნიან კლიპის ავტორს საკუთარ ვიდეოებს. მადლობა კლიპის "ქართული" ვარიანტისთვის gaybatumi.com–ს.

вторник, 22 марта 2011 г.

ევროკავშირი უხვად აფინანსებს ჰომოფობიასთან ბრძოლას ესტონეთში


თითქმის 306 ათასი ევრო გამოიყო მიმდინარე წელს პროქეტისთვის Progress, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება ესტონეთში. როგორც გამოკითხვები ცხადჰყოფს, ესტონეთი ევროკავშირის ერთერთი ყველაზე არატოლერანტული ქვეყანაა ჰომოსექსუალების მიმართ.

აღნიშნული პროექტის 80% ფინანსდება უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურებიდან. პროექტის პროგრამა, რომელიც ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტმა შეიმუშავა, „კონცენტრირებულია ჰომოფობიასთან ბრძოლაზე, ხოლო პროგრამას მეორე თემის სახით მიმდინარე წელს დაემატა იმ ადამიანების სოციალური სტატუსი, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ“ – იტყობინება ესტონური პორტალი ERR.

2011 წლის ივნისში პროექტის ფარგლებში ჩატარდება კონფერენცია, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციას მიეძღვნება.

2010 წლის ბოლოს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ესტონეთის სამართლის კანცლერი არასაკმარისად მონაწილეობს ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვასა და განვითარებაში. კომიტეტმა მაშინ აღნიშნა, რომ ესტონეთში აუცილებელია ჰომოსექსუალთა უფლებების გაფართოება, კერძოდ, მათ ერთსქესიან პარტნიორებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ ქვეყანაში ცხოვრების უფლება მიიღონ, თუკი ერთერთი მათგანი ესტონეთში კანონიერად ცხოვრობს, ხოლო მეორეს სურს მასთან გადასვლა სხვა ქვეყნიდან. მიღებული ზომების შესახებ ანგარიში ესტონეთმა 2015 წლის ზაფხულში უნდა წარადგინოს.

ისრაელელი მომღერლის ახალი კლიპი ერთსქესიან ქორწინებას ეძღვნება


33 წლის ისრაელელმა მომღერალმა იეჰონათან გატრომ (სურათზე თეთრ მაისურში), რომელმაც თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ ღიად განაცხადა 2006 წელს, თავისი ახალი სინგლისთვის Across the Universe კლიპი გადაიღო.


მუსიკალურ ვიდეო–კლიპში წამოწეულია ტოლერანტობისა და ერთსქესიანი ქორწინების ლეგიტიმურობის საკითხები მთელს მსოფლიოში. ეს ამ მომღერლის პირველი ვიდეო არ არის, რომელიც ჰომოსექსუალობის თემებს ეხება. 2006 წელს იეჰონათანმა გამოუშვა სინგლი Kore Lecha – სასიყვარულო გეი–ბალაგა ივრითზე. იმ პერიოდში მოახდინა მომღერალმა საკუთარი ქამინ–აუთიც. მომღერლის კლიპები საკმაოდ პოპულარულია ისრაელში. 


четверг, 17 марта 2011 г.

ბრიტანეთის მთავრობა გეი–ფეხბურთელების ქამინ–აუთის მხარდაჭერას აპირებს

დიდი ბრიტანეთის თანასწორობის მინისტრმა ლინ ფეზერსთოუნმა განაცხადა, რომ მთავრობა ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობას აპირებს, რომ ხელი შეუწყოს ჰომოსექსუალი ფეხბურთელების ქამინ–აუთს.

ეს საკითხი დაყენებული იქნა თემთა პალატაში, როდესაც კითხვებს მთავრობის წევრებს უსვამდნენ. კონსერვატორმა დეპუტატმა მარკ მენზისმა მინისტრს ჰკითხა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ „კეთილგანწყობილი ატმოსფერო“ შეიქმნას სპორტის სფეროში ისეთი სპორტსმენების განხადებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა კრიკეტის მოთამაშე სტივენ დევისი ან რაგბისტი გარეტ ტომასი, რომლებმაც საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ ხმამაღლა განაცხადეს.

ფეზერსთოუნმა სპორტსმენებს ქამინ–აუთი მიულოცა და დასძინა: „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ვითანამშრომლებთ ფეხბურთის ასოციაციასთან, რომ შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, რომელშიც ფეხბურთელები თავისუფლად იგრძნობენ თავს, რათა საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ განაცხადონ, თუ მათ ამისი სურვილი ექნებათ“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნებისმიერმა სპორტსმენმა ისეთ სპორტულ მოედანზე უნდა ითამაშოს, რომელიც თავისუფალი იქნება დისკრიმინაციის ყველანაირი სახეობისგან.

მიმდინარე კვირას შვედმა ფეხბურთელმა ანტონ ჰიუზენმა, რომელიც „ლივერპულის“ ყოფილი მოთამაშის გლენ ჰიუზენის შვილია, განაცხადა, რომ გეია.

ბრიტანეთში მხოლოდ ერთი გახსნილი გეი ფეხბურთელი იყო. ჯასტინ ფეშანომ 1998 წელს თავი მოიკლა, რადგან მისი სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფებს და დაცინვას ვეღარ გაუძლო.

გასულ წელს ბრიტანეთის ფეხბურთის ასოციაციამ გააუქმა მისივე დაკვეთით გადაღებული ანტიჰმოფობური ვიდეოს ჩვენება. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფილმი დასრულებული არ არის, რომლის ჩვენებაც დაგეგმილი იყო სავარჯიშო და განმანათლებელი მასალის სახით.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს მხარი დაუჭირეს ელტონ ჯონმა და ბრიტანეთის რაგბისა და ფეხბურთის  კავშირის თავმჯდომარემ, ფეხბურთელებიდან მხარდაჭერა არცერთს არ გამოუხატავს.

пятница, 11 марта 2011 г.

იცოდით, რომ ნიახურის ჭამა ჰეტეროსექსუალებს გეებად აქცევს?

ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა ქრისტიანულ სასწავლებლებში გეებს სდევნიან და მათ შესახებ არასწორ სტერეოტიპებს ამკვიდრებენ. ზოგჯერ გეების წინააღმდეგ ბრძოლა კომიკურ ხასიათსაც იღებს, რისი მომსწრენიც საქართველოშიც არაერთხელ ვყოფილვართ საკუთარი ჰეტეროსექსუალობის ზღვარგადასული მტკიცებით საჯარო სივრცეში, თუნდაც გივი სიხარულიძის ბოლო სასოწარკვეთილ კივილს თუ გავიხსენებთ, როგორ მოუწოდებდა სცენიდან „სოფლელებს“ ქალაქში ჩამოსვლისკენ, რადგან თურმე ქალაქი „ცისფერებმა“ წალეკეს, თითქოს სოფლებში არ არსებობენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები.

პორტალი Queerty.com იტყობინება, რომ ამერიკული ქრისტიანული უნივერსიტეტის „ლიბერტის“ მეცნიერებმა თურმე დაადგინეს, რომ ნიახურის გამოყენება საკვებად ჰეტეროსექსუალებს პრაქტიკულად ჰომოსექსუალებად აქცევს (?!).

სტუდია FND Films–ის ბიჭებმა კი გადაწყვიტეს, რომ მეცნიერების ამ დიდი აღმოჩენის ვიზუალიზაცია მოეხდინათ და ეჩვენებინათ რა ემართებად ნამდვილ ჰეტეროსექსუალებს, „როგორც წესი“, როცა ისინი ნიახურის გურმანები არიან.

вторник, 8 марта 2011 г.

ჯგუფ R.E.M.–ის ლიდერი მაიკ სტაიპი: 80%–ით გეი ვარ

ჯგუფ R.E.M.–ის სოლისტმა მაიკ სტაიპმა გაზეთ Observer–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ 80%–ით არის გეი, ხოლო სიტყვა „ბისექსუალი“ არ მოსწონს. 51 წლის მომღერალმა თქვა: „სექსუალობის შკალის მიხედვით საკუთარ თავს ვაფასებ როგორც 80% გეი და 20% ჰეტეროსექსუალი, თუმცა მე აშკარად მამაკაცები უფრო მომწონს, მაგრამ ქალებიც... სექსი ქალებთანაც მქონდა, ვიდე ჩემი ამჟამინდელი ბოიფრენდი შემიყვარდებოდა.

დიდი ხნის მანძილზე დავწანწალებდი ორ ბანაკს შორის, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი ადგილი არც გეებს და არ ჰეტეროსექსუალებს შორისაა. მაგრამ ჩემს თავს ბისექსუალს ვერ ვუწოდებ. მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი იარლიყის მიწებება საკუთარი თავისთვის ზედმეტი იქნება, – ამბობს მაიკი.



ავსტრალიაში ლესბი წყვილს 5 ტყუპი გაუჩნდა


ავსტრალიელ ლესბი წყვილს 27 წლის მელისა კივერსს და მის 22 წლის პარტნიორს როზმარი ნოლანს 5 ტყუპი შეეძინათ: 2 ბიჭი და 3 გოგონა. ბავშვებს დაარქვეს ჩარლი, ნოი, ეირინი, ივი და ები. ბავშვების ბიოლოგიური დედაა მელისა, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. მშრობიარობის პროცესში  25 მედიკოსი მონაწილეობდა, რათა პრობლემები არ შექმნილიყო. დაბადებისთანავე ახალშობილები სპეციალურ ბაროკამერებში მოათავსეს, რადგან ძალიან პატარები იყვნენ.

ამ წყვილის შესახებ მსოფლიოს უამრავმა გაზეთმა დაწერა, რადგან ჩასახვა ჩვეულებრივი ხელოვნური განაყოფიერების გზით მოხდა ანონიმი დონორის სპერმის გამოყენებით და არა ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით (სინჯარაში განაყოფიერება), ხოლო ჩვეულებრივი ხელოვნური განაყოფიერებისას 5 ტყუპის ჩასახვის შანსი ძალიან მცირეა. დონორის ვინაობა არ მჟღავნდება, ცნობილია მხოლოდ, რომ ის 27 წლის ამერიკელი სტუდენტი იურისტია. მასთან წინასწარ გაფორმდა ხელშეკრულება, რომ უარს აცხადებს მამობრივ უფლებებზე. წყვილს უკვე ჰყავდა 18 თვის გოგონა მაგრამ მათ მეორე შვილის უნდოდათ, შედეგად კი ექვსი შვილის მშობლები გახდნენ.

ამ ყველაფერთან ერთად არის ერთი უსიამოვნო ფაქტიც: წყვილი ქვინსლენდში ცხოვრობს, სადაც ერთსქესიანი ქორწინების არანაირი ფორმა აღიარებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი კანონებით როზმარი ნოლანს ბავშვებზე არანაირი უფლება არ აქვს და არც მათი შვილად აყვანა შეუძლია. ამის შესახებ წერს Pinknews.co.uk.



მექსიკაში ერთსქესიანი ქორწინების ბუმია


მეხიკოში ერთი წლის განმავლობაში 700–მა გეი და ლესბი წყვილმა გადაწყვიტა დაქორწინება. ზუსტად ერთი წლის წინ ლათინური ამერიკის ისტორიაში პირველად მექსიკაში მიიღეს კანონი, რომელიც ერთი სქესის ადამიანეებს დაქორწინების უფლებას აძლევს. როგორც მეხიკოს მუნიციპალიტეტის სტატისტიკა იუწყება, 2010 წლის 4 მარტიდან (კანონის ძალაში შესვლის დღე) დღემდე ოფიციალური ქორწინება გააფორმა მამაკაცების 367–მა წყვილმა და ქალების 333–მა წყვილმა.



понедельник, 7 марта 2011 г.

სერბ ეპისკოპოს მოუწოდებენ ბოდიში მოუხადოს გეებს


ადამიანის უფლებების დამცველი სერბული ორგანიზაცის წარმომადგენელმა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპოსკოპოსს მოუწოდა, რომ საჯარო ბოდიში მოიხადოს გეებისა და ლესბოსელების მიმართ თავისი კრიტიკული გამონათქვამების გამო. ამის შესახებ იტყობინება რადიო „თავისუფლება“. უფლებადამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის“ ხელმძღვანელმა ნევენა პეტრუსიჩმა განაცხადა, რომ ეპისკოპოს ამფილოქიოსს შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარსდგომა მოუწიოს, თუკი ის ბოდიშს არ მოიხდის.

2010 წლის დეკემბერში ბელგრადში ჩატარებული გეი–აღლუმის შემდეგ ეპისკოპოსმა მკაცრად გააკრიტიკა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები. ჰომოსექსუალები მან ასევე დაადანაშაულა იმ არეულობებში, რომლებიც ბელგრადში მას შემდეგ დაწიყო, რაც ჰომოფობთა ექსტრემისტული დაჯგუფებები პოლიციელებს დაესხნენ თავს, რომლებიც გეი–აღლუმის მონაწილეთა უსაფრთხოებას იცავდნენ.

пятница, 4 марта 2011 г.

გეი წყვილმა Burger King–ს 3,15 მლნ. დოლარი მოუგო სასამართლოში


ნიუ–ჯერსიში მცხოვრებმა გეი წყვილმა, რომელიც 2007 წელს რესტორან Burger King–ის თანამშრომელთა მხრიდან ჰომოფობური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რესტორნების ამ ქსელს სასამართლოში 3,15 მილიონი დოლარი მოუგო. სასამართლო მოსმენაზე მოსარჩლეებმა 43 წლის პიტერ კასბარმა და 46 წლის ნოელ რობიშომ განაცხადეს, რომ რესტორნის თანამშრომელმა, რომელიც მათგან შეკვეთას იღებდა, ჩხუბი დაუწყო კლიენტებს, შემდეგ კი თავის სხვა თანამშრომლებსაც დაუძახა, რომელთაც კლიენტების შეურაცხყოფა დაიწყეს. ამის შემდეგ წყვილი იძულებული გახდა რესტორნიდან გასულიყო.


„მენეჯერმა და რესტორნის თანამშრომლებმა რესტორნიდან გასული წყვილის დევნა დაიწყეს. თანამშრომლები უმოწყალოდ სცემდნენ ამ ორ მამაკაცს, აფურთხებდნენ და ჰომოფობური შეძახეილებით შეურაცხყოფდნენ მათ“, – განაცხადა პროცესზე დაზარალებულთა ადვოკატმა. კასბარმა და რობიშომ სასამართლოზე განაცხადეს, რომ ისინი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ. ნაფიცი მსაჯულები დაზარალებულებს დაეთანხმნენ და დაადგინეს, რომ Food Service Properties Corp.–მა და Union City Restaurant Corp.–მა, რომლებიც Burger King–ის რესტორნების ქსელის მფლობელები არიან, მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაურონ და დაზარალებულებს 3,15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ. ამის შესახებ წერს ჟურნალი Advocate.