пятница, 17 июня 2011 г.

გაერომ ლგბტ უფლებების დაცვის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ 17 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციას კრძალავს. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ასეთი დოკუმენტი პირველად არის მიღებული გაეროს და მსოფლიოს ისტორიაში.

რეზოლუცია ითვალისწინებს სპეციალური ორგანოს შექმნას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას დააკვირდება. გარდა ამისა, Associated Press აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს კომისიის შექმნას, რომელსაც დაევალება მსოფლიოს ქვეყნების კანონმდებლობის შემოწმება ისეთი კანონების არსებობაზე, რომელიც ლგბტ საზოგადოების წარმომადგებელთა უფლებებს ლახავს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ შეტანილ რეზოლუციას საბჭოს 47 წევრიდან 23–მა დაუჭირა მხარი. 19 წინააღმდეგი გამოვიდა, ხოლო სამმა ადამიანმა თავი შეიკავა. რა პოზიცია დაიკავა საბჭოს კიდევ ორმა წევრმა, არაფერია ნათქვამი. რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის არიან აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ბრაზილია. რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ აფრიკული და მუსულმანური სახელმწიფოების წარმომადგენლები.

როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რეზოლუციის მიზანი არ არის ამა თუ იმ ქვეყნისთვის სხვისი კულტურული ფასეულობების თავზე მოხვევა. დოკუმენტი მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ ინიციირებული იქნას დიალოგი სექსუალური უმცირესობების დაცვის საკითხზე.

среда, 15 июня 2011 г.

საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ ერთსქესიანი ქორწინება არ დაამტკიცა


საფრანგეთის პარლამენტმა (ნაციონალური კრება) ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შესახებ BBC იტყობინება ფრანგულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით. ერთსქესიან ქორწინებას 222–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, როცა მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ 293 შეადგინა. ამასთან, სოციალისტი დეპუტატების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ ამ საკითვის განხილვას მიუბრუნდებიან 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

დღეისათვის ევროპაში ერთსქესიანი ქორწინება ნებადართულია ნიდერლანდებში, ბელგიაში, ესპანეთში, ნორვეგიაში, შვედეთში და პორტუგალიაში. საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ევროპის კიდევ 14 ქვეყანაში მოქმედებს კანონი ერთსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ.

понедельник, 13 июня 2011 г.

სააგენტო epn ამტკიცებს, რომ პირდაპირ ეთერში "დანაშაული" მოხდა

10 ივნისს გამართულ ე.წ. "kiss party"–სთან დაკავშირებით სააგენტო "EXPRESSNEWS"–მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ორი გოგონას კოცნას სატელევიზიო კამერების წინაშე დანაშაული უწოდა და იქვე დასვა შეკითხვა, უნდა დაისაჯონ თუ არა წყვილიდან ერთერთი გოგონა და აქციის ორგანიზატორები.  სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიას გთავაზობთ უცვლელად:

დანაშაული ეთერში- აგებენ თუ არა kiss party-ის ორგანიზატორები პასუხს


"10 ივნისს, პირველად საქართველოში კოცნის კონკურსი kiss party” გაიმართა.  კონკურში მონაწილეობა რამდენიმე წყვილმა მიიღო და ხანგრძლივ კოცნაში გაეჯიბრა ერთმანეთს.
ინტერნეტ ტელევიზია ITV გაავრცელა შოკისმომგვრელი ინტერვიუ, სადაც მდედობრითი სქესის წყვილი აღიარებს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.
კერძოდ, მარათონში მონაწილე ლესბოსურმა წყვილმა არ დამალა, რომ ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია კერძოდ 16 წლის.
მიუხედავად მისი არასრულწლოვანებისა აღნიშნული საღამოს ორგანიზატორებმა დაუშვეს მისი კონკურსში დაშვება. როგორც ინტერვიუში პარტნიორმა განაცხადა თავად 21 წლისაა ხოლო მისი მეგობარი 16 წლის, ინტერვიუდანვე ირკვევა, რომ წყვილი 2 წელია ერთმანეთს ხვდება. ანუ სისხლის სამართლის დანაშაული ერთ-ერთმა მათგანმა სრულწლოვნების დროს ჩაიდინა და 14 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირი დაამყარა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  140 მუხლის მიხედვით, სრულწლოვნის  სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი  წლის ასაკს მიუღწეველთან,-ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.
უნდა დაეკისროთ თუ არა ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ არასრულწლოვანი ჩართეს ისეთ ქმედებაში რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც არასრულწლოვანის მონაწილეობა ეროტიკულ სცენაში. სისხლის სამართლის კოდექსი ამ შემთხვევასაც არეგულირებს. კერძოდ კოდექსის 255-1 მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნის ჩაბმა ეროტიკული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე
141 მუხლის შესაბამისად ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს სოციალ-ლიბერალურმა პარტიამ აღნიშნულ ვიდეოს უწოდა სისხლის სამართლის დანაშაული".

სტოკჰოლმში პირველი გეი–ავტობუსი გამოჩნდა


სტოკჰოლმის სატრანსპორტო კომპანიამ SL–მა გადაწყვიტა, რომ წელს მონაწილეობა მიიღოს ტრადიციულ გეი–აღლუმში, რომელიც ამ ქვეყანაში 1–7 აგვისტოს გაიმართდება. ამისთვის გამოიყო „პრაიდ–ავტობუსი“ – დაბლდეკერი, რომელიც Facebook–ის მომხმარებელთა 16 ათასი ფოტოსურათით მოირთო, ხოლო ეს სურათები მთლიანობაში ქმნიან ექვსფერიან ლგბტ დროშას ორსართულიანი ავტობუსის ორივე მხარეს.

კომპანიამ Facebook–ის მომხმარებლებს წინასწარ სთხოვა, რომ სოლიდარობა გამოეხატათ და „მოწონების“ ღილაკით თანხმობა მიეცათ საკუთარი სურათია გამოყენებაზე დროშაში. დროშის შესაქმნელად საჭირო 16 ათასი ფოტო, როგორც კომნპანია იტყობინება, სულ 10 საათში შეგროვდა. ავტობუსი გეი–აღლუმის შემადგენლობაში გაივლის სტოკჰოლმის ქუჩებში 6 აგვისტოს.

ჩვენს მკითხველს კი მინდა შევახსენო, რომ ავტობუსის იდეა ახალი არ არის და რომ მსგავს მოვლენას საქართველოშიც ჰქონდა ადგილი. 2009 წლის სექტემბერში მაშინდელი ფონდ „ინკლუზივის“ ორგანიზებით კვარიათში ჟურნალ „მე“–ს პრეზენტაციაზე დასასწრებად თბილისის ლგბტ თემის წარმომადგენლები ავტობუსით გავემგზავრეთ და მთელი საქართველო ერთად გადავკვეთეთ :)

ლედი გაგამ რუსეთი ჰომოფობური ქვეყნების შავ სიაში შეიტანა


გასულ შაბათს მომღერალმა ლედი გაგამ განაცხადა, რომ რუსეთი შეაქვს საკუთარ „შავ სიაში“ იმ ქვეყნებისა, სადაც ლგბტ ადამიანები დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი არიან. რუსეთის გარდა ლედი გაგას „შავ სიაში“ შევიდნენ ასევე პოლონეთი, ლიტვა, უნგრეთი და ლიბანი. მომღერალმა ეს ქვეყნები ჩამოთვალა, როცა რომში გამართული ევრო–პრაიდის მონაწილეებს მიმართა. პრაიდი, რომელშიც ლედი გაგა მონაწილეობდა Circo Massimo–ს სტადიონზე გაიმართა და გრანდიოზული ევრო–პრაიდი 2011–ის დასკვნითი ღონისძიება იყო.

სტადიონზე მაყურებელთა აპლოდისმენტების თანხლებით ლედი გაგამ თავისი კომპოზიცია "Born This Way" (ასეთი დავიბადე) შეასრულა. ამ სიმღერის აკრძალვას უკვე რამდენიმე ქვეყანა შეეცადა.

25 წლის ლედი გაგა Grammy–ს 5 პრემიის, VMA–ს 11 პრემიის, EMA–ს 4 პრემიის მფლობელია და თანმიმდევრულად უჭერს მხარს ლგბტ ადამიანების თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლას.

ხოტვატიაში პოლიციამ გეი–აღლუმის მოწინააღმდეგეები დააკავა


10–მდე ადამიანი დაშავდა და ასზე მეტი დააკავეს სამართალდამცავმა ორგამოებმა ხორვატიის საკურორტო ქალაქ სპლიტში გეი–აღლუმის მსვლელობისას. ამის შესახებ იტყობინება BBC ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით.


აღლუმის რამდენიმე ასეული მოწინააღმდეგე იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ქალაქის ცენტრში ლგბტ აქტივისტები იყვნენ აქციაზე გასული და აღლუმის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ბოთლებს და ქვებს ესროდნენ. პოლიციამ გეი–აღლუმის მონაწილეთა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის პირდაპირი შეტაკების აღკვეთა მოახერხა.

გეი–აღუმი ქალაქ სპლიტში პირველი ასეთი საჯარო აქცია იყო, რომელიც დედაქალაქის გარეთ გაიმართა. დედაქალაქში მსგავსი მსვლელობის მონაწილეებს პრობლემები არასდროს შექმნიათ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია აღლუმის მონაწილეებს იცავდა, აქცია ფაქტიურად ჩაიშალა ჰომოფობი ადამიანების წინააღმდეგობის გამო.

четверг, 9 июня 2011 г.

პიარ სკოლამ ჰომოფობიური განცხადების გამო მოიბოდიშა


პიარ სკოლამ თავის ბლოგზე ოფიციალურად მოიხადა ბოდიში რამდენიმე დღის წინ ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელიც ჰომოფობურ გამონათქვამებს შეიცავდა. პოსტი ეხებოდა facebook–ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც ვირთხა დაძვრებოდა მარკეტის დახლებზე, ვიდეოს ავტორის თქმით, „პოპულის“ მარკეტების ქსელის ერთერთ მაღაზიაში იყო გადაღებული. პიარ სკოლის ბოლგზე ამ ვიდეოს და facebook–ზე ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ დაიდო პოსტი, რომელშიც გამოყენებული იყო „ვოლმარტის“ ქსელის სუპერმარკეტებში გადაღებული სურათები, სადაც აღბეჭდილი ადამიანების უმეტესობას თავიანთ გარეგნობაში და ტანისამოსში აშკარად ეტყობოდათ, რომ სექსუალურ უმცირესობებს მიეკუთვნებოდნენ. პიარ სკოლის პოსტის ავტორმა კი თავის პოსტში ვირთხა ამ ადამიანებს შეადარა და დაწერა, რომ ამ ვირთხაზე უარესებიც არსებობენ.

ამ პოსტის გამოქვეყნებისთანავე იქვე კომენტარებშიც და სოციალურ ქსელებში პიარ სკოლის ეს ჰომოფობური გამონათქვამი სხვადასხვა ადამიანებმა დაგმეს. ამის შემდეგ ჰომოფობური ფრაზა პოსტიდან ამოღებული იქნა, 9 ივნისს კი პიარ სკოლის ბლოგზე გამოქვეყნდა ოფიციალური საბოდიშო განცხადება. გთავაზობთ ამონარიდს ამ განცხადებიდან:

„ამა წლის 30 მაისს, ჩვენთან გამოქვეყნდა პოსტი სათაურით “ვოლმარტში უარესებიც ხდება”. პირველივე მკითხველის კომენტარის შემდეგ (დაახლოებით 30 წუთში), რომელიც აბსოლუტურად სამართლიან გულისწყრომას გამოხატავდა, მე პირადად მოვახდინე პოსტის იმ ნაწილის კორექტირება, რომელიც ჰომოფობიურ ფრაზას შეიცავდა. შემდგომში შეიცვალა სათაურიც.

სიტუაციაში ბოლომდე გარკვევის მიზნით, პიარ სკოლის ბლოგის პასუხისმგებელ პირებთან ერთად ჩატარდა შიდამოკვლევა, რომელიც გარკვეული პიროვნებების არყოფნის გამო, დროში დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. რამდენჯერმე გავესაუბრე პოსტის ახალგაზრდა ავტორსაც. დავრწმუნდი, რომ მან ეს შეცდომა გაუაზრებლად დაუშვა და არავის შეურაცხყოფას ისახავდა მიზნად და შეწუხებულია ამ ფაქტის გამო. ვესაუბრე ბლოგის პასუხისმგებელ რედაქტორსაც. სიტყვიერი და მკაცრი გაფრთხილებები მიიღო ორივე პიროვნებამ.

პიარ სკოლის სახელით, პიარ სკოლის ყველა ლექტორისა და თანამშრომლის სახელით, პირადად ჩემი სახელით, მინდა ბოდიშჲ მოვუხადო ყველა მკითხველს პოსტში გამოქვეყნებული ფრაზის გამო“. 

среда, 8 июня 2011 г.

ისრაელის პარლამენტმა რეკორდული ყურადღება დაუთმო გეებს


ისრაელის კნესეტში ყოველწლიურად ტარდება „სიამაყის კონფერენცია“, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. მორიგ კონფერენციაში, რომელიც ორშაბათს გაიმართა, 18 დეპუტატი მონაწილეობდა სპიკერის რუბი რივლინისა და ოპოზიციის ლიდერის ციპი ლივნის ჩათვლით. 18 დეპუტატი ეს პალრამენტის წევრთა 15%–ზე ნაკლებია, მაგრამ დეპუტატების ამ რაოდენობის მისვლა კონფერენციაზე, რომელიც სექსუალური უმცირესობების პრობლემებს ეძღვნება, რეკორდულია ამ ქვეყნისთვის. ამის შესახებ წერს NRG-Maariv.

კონფერენცია მიეძღვნა იმ სირთულეებს რომლებსაც ისრაელში მცხოვრები ლგბტ ადამიანები აწყდებიან ოჯახის შექმნისა და შვილების ყოლის შემთხვევაში. კნესეტში მივიდნენ ადამიანები, რომლებიც დეპუტატებს თავიანთი დისკრიმინაციის გამოცდილებაზე ესაუბრნენ და აუხსნეს, რომ არ აქვთ იმის საშუალება, რომ იგივე უფლებებით ისარგებლონ, რომლებიც ქვეყნის ყველა ჰეტეროსექსუალ მოქალაქეს აქვს.

понедельник, 6 июня 2011 г.

აშშ–ში ლგბტ საიტი შეიქმნა "თეთრი სახლის" ეგიდით

"თეთრმა სახლმა" ვებ–საიტი გახსნა, რომელიც სპეციალურად ლგბტ წარმომადგენლებისთვის შეიქმნა. საიტზე მთავარ ადგილზე წარმოდგენილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვალდებულებები ამერიკელი ლგბტ ადამიანების წინაშე. საიტის სახელწოდებაა "მომავლის გამარჯვება: პრეზიდენტი ობამა და ლგბტ საზოგადოება". საიტის ამოქმედება მიეძღვნა კონკრეტულ მოვლენას – პრეზიდენტ ობამას მიერ ივნისის თვის ლგბტ სიამაყის თვედ გამოცხადებას.


რუმინეთში გეი–აღლუმი ჩატარდა

რუმინეთის დედაქალაქში გეი–აღლუმი ჩატარდა, რომელშიც 150–მდე ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ანტიგეიაქტივისტებმა თავიანთი აქცია ჩაატარეს ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ. შაბათს გამართული გეი–აღლუმის მსვლელობისას ექსცესები არ მომხდარა. ამ აქციაში მონაწილეობდნენ ასევე რუმინეთში აშშ–ის, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ელჩებიც.


Gay Pride Romania by GLBT

რუსი მებაირაღეების "ბრძოლა" გეების წინააღმდეგ

ინტერნეტ–სივრცეში გავრცელდა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილნი არიან რუსი მართლმადიდებელი მებაირაღეები, რომლებიც თავისუფალ დროს იმით ერთობიან, რომ ღობეზე მიმაგრებულ შიშველი ბიჭების ფოტოებს შუბებს ესვრიან. ამ მებაირაღეების წარმომადგენლები მოსკოვის ცენტრში 28 მაისს გამართული გეი–აღლუმის მონაწილეთა დარბევაში მონაწილეობდნენ. ერთერთმა ასეთმა წვეროსანმა აქციის მონაწილე ჟურნალისტ გოგონას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც ჟურნალისტი საავადმყოფოში მოათავსეს ტვინის შერყევის დიაგნოზით.



пятница, 3 июня 2011 г.

ვანესა უილიამსი ქორწინების თანასწორობის მომხრეებს შეუერთდა


ნიუ–იორკის შტატში ქორწინების თანასწორობის მომხრეების კამპანიას ცნობილი მომღერალი და მსახიობი ვანესა უილიამსიც შეუერთდა. „მე ვარ ვანესა უილიამსი, დავიბადე ნიუ–იორკში, და მე მხარს ვუჭერ ქორწინების თანასწორობას. აშშ–ის უკვე 5 შტატში ქორწინების თანასწორობა არსებობს. დადგა დრო, რომ ნიუ–იორკი კვლავ ლიდერი გახდეს. გთხოვთ, შემოგვიერთდით“ – განაცხადა ვანესამ ვიდეოში, რომელიც ერთერთი უმსხვილესი ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის ეგიდით ჩაწერა.

четверг, 2 июня 2011 г.

ობამამ ივნისი გეი–სიამაყის თვედ ოფიციალურად გამოაცხადა


აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სამშაბათს ხელი მოაწერა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ივნისი გეი–სიამაყის თვედ გამოცხადდა. დოკუმენტში ნათქვამია: „ამერიკის ლგბტ საზოგადოების ისტორია ჩვენი მამების და ვაჟების, ჩვენი დედების და ქალიშვილების, ჩვენი მეგობრების და მეზობლების ისტორიაა, და ისინი განაგრძობენ იმ ამოცანის შესრულებას, რომლის მიზანიცაა ჩვენი ქვეყნის უფრო მშვენიერ კავშირად გადაქცევა. ეს არის იმ ბრძოლის ისტორია, რომ უკეთ ჩავწვდეთ ამერიკულ პერსპექტივას: ყველა ადამიანმა ღირსეულად უნდა იცხოვროს და ყოველი მათგანი თანაბრად უნდა ფასდებოდეს კანონის შესაბამისად. ყოველი წლის ივნისში ჩვენ პატივს მივაგებთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ ამ პერსპექტივის მოახლოებას ლგბტ ამერიკელებისთვის. ამჯერად კი ჩვენ იდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მივილტვით ყველა ადამიანისთვის თანაბარი უფლებების მიღწევისკენ, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა“.

მთელს მსოფლიოში, უფრო სწორად კი მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილში ივნისი ლგბტ სიამაყის თვედ ითვლება. ამ თვეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გეი–აღლუმები, გეი–ფესტივალები და ამ სახის სხვა ღონიძიებები ტარდება.

„ჩემს მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ჩემმა ადმინისტრაციამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ლგბტ ამერიკელებისთვის თანასწორობის დამყარების საქმეში“ – განაგრძობს პრეზიდენტი ობამა, – „გასული წლის დეკემბერში ამაყად მოვაწერე ხელი კანონს, რომელიც აუქმებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას „არ შეეკითხო, არ თქვა“. ამის შემდეგ ამერიკელებმა – გეებმა და ლესბოსელებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მიიღეს უფლება ღიად იმსახურონ აშშ–ის შეიარაღებულ ძალებში. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება განმტკიცდება, ხოლო ის გმირული წვლილი, რომელიც ამ ამერიკელებს შეაქვთ ამ პროცესში მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, მთლიანად იქნება აღიარებული“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია სამწუხარო თარიღიც: 30 წელი შიდსის აღმოჩენიდან. ობამა თვლის, რომ ამ თარიღმა ახალი სტიმული უნდა შექმნას ამ დაავადებასთან საბრძლოველად არა მარტო მისი ადმინისტრაციისთვის, არამედ ლგბტ აქტივისტებისთვისაც.

პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც 1999 წელს ოფიციალურად აღიარა ივნისი გეი–შიამაყის თვედ, იყო ობამას წინამორბედი დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

среда, 1 июня 2011 г.

მიუნხენში ნაციზმის მსხვერპლი გეებისა და ლესბოსელების მემორიალი დაიდგმება


გერმანიის ქალაქ მიუნხენში, სადაც მესამე რეიხის დროს ნაცისტები გეი–ბარებზე თავდასხმებს აწყობდნენ, ჰოლოკოსტის მსხვერპლი გეებისა და ლესბოსელების მემორიალი დაიდგმება.

როგორც Pinknews.co.uk აღნიშნავს, მემორიალის ადგილი ძალიან სიმბოლურია, რადგან 1934 წლის 20 ოქტომბერს სწორედ ამ ადგილზე დაარბიეს ნაცისტებმა გეი–ბარის პირველად. შემდგომში ასეთმა ინციდენტებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რადგან ჰიტლერის მმართველობის პერიოდში ჰომოსექსუალობის არადამიანური „ამოძირკვა“ ხდებოდა.

მემორიალი მიუნხენის ცენტრში ფეხით მოსიარულეთა ახალი მარშრუტის ნაწილი გახდება და დაიდგმება ობერანგერისა და დულტშტრასეს ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც 1930–იანი წლების დასაწყისში ერთერთი ცნობილი გეი–ბარი Scwharzfischer (შავი მეზღვაური) მდებარეობდა.


 ნაცისტების მსხვერპლი ჰომოსექსუალების ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, მაგრამ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ მიზეზით 50 ათასამდე ადამიანი იყო დაკავებული. მანამდე ითვლებოდა, რომ მესამე რეიხი მხოლოდ ჰომოსექსუალ მამაკაცებს სდევნიდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ლესბოსელებსაც არანაკლებ დევნიდნენ. მათი დიდი ნაწილი დააკავეს და საკონცენტრაციო ბანაკებში განათავსეს, ხოლო მათ შემდგომ ბედს ალბათ ვერასდროს ვერავინ გაარკვევს. ბანაკებში გეებს პატიმრების ფორმაზე ამაგრებდნენ ვარდისფერ სამკუთხედს, ლესბოსელებს კი შავ სამკუთხედს. ბევრი ჰომოსექსუალი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა, მოგვიანებით კვლავ დააპატიმრეს, რადგან „არატრადიციული“ სექსუალური ორიენტაცია გერმანიაში დანაშაულად ითვლებოდა 1969 წლამდე, როცა ამ ქვეყანაში ე.წ. 175 პარაგრაფი გააუქმეს.