вторник, 26 апреля 2011 г.

ნიუ–იორკის ციხეებში ჰომოსექსუალებს კერძო პაემნების უფლება მისცეს


ნიუ–იორკის შტატის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების სამმართველომ განაცხადა, რომ გასული კვირიდან ციხის წესებში ცვლილებები შევიდა, – ამის შესახებ წერს Runyweb.Com. ამ ცვლილებების მიხედვით, პატიმარ გეებს და ლესბოსელებს პაემნის უფლება ეძლევათ მათ პარტნიორებთან. მანამდე კერძო პაემნები ნებადართული იყო მხოლოდ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალებისთვის.

პატიმარ გეებს და ლესბოსელებს ასევე უფლება ექნებათ დატოვონ ციხე უკურნებელი სენით დაავადებულ პარტნიორებთან შესახვედრად.

სამმართველოს უფროსმა პიტერ კატლერმა აღნიშნა, რომ ადრე ასეთი უფლებით მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის დაქორწინებული პატიმრები სარგებლობდნენ, ხოლო ახალი წესები 2008 წელს იქნა ინიციირებული ნიუ–იორკის მაშინდელი გუბერნატორის დევიდ პატერსონის მიერ, რომელმაც შტატის ყველა დაწესებულება დაავალდებულა, რომ ერთსქესიანი ქორწინებები ეღიარებინათ.

კერძო პაემნები ნიუ–იორკის შტატის 67 ციხიდან 20 ციხეშია ნებადართული ჰომოსექსუალ პატიმრებს და მათ პარტნიორებს შორის.

მოსკოვის ხელისუფლებამ გეი–აღლუმის ჩატარების ნებართვა გასცა


მოსკოვის ხელისუფლებამ გეი–აღლუმის ჩატარების ნებართვა გასცა. ამის შესახებ იტყობინება GayRussia.ru.

„აქცია სახელწოდებით „მოსკოვის გეი–აღლუმი: ჰომოსექსუალობა მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის ისტორიაში“ ჩატარდება 28 მაისს 13–დან 15 საათამდე მოსკოვში „ბოლოტნის“ მოედანზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ღონისძიების მიზანია საზოგადოპებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება კულუტურისა და მეცნიერების დამოკიდებულების ისტორიაზე ჰომოსექსუალობასთან, ჰომოსექსუალი ადამიანების წვლილზე კულტურასა და ხელოვნებაში, ასევე ლგბტ უფლებების დაცვაში ცნობილი ადამიანების როლის შესახებ“ – ნათქვამია ტექსტში.

რუსეთის გეი–აქტივისტებმა 12 აპრილს განაცხადეს, რომ მაისის ბოლოს დედაქალაქში აპირებენ „აქციის გამართვას მასობრივი კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიების სახით“.

წინა მერის იური ლუჟკოვის მთავრობა თანმიმდევრულად ეუბნებოდა უარს მოსკოვში გეი–აღლუმის ჩატარების თაობაზე შესულ განაცხადებს, ხოლო თვითონ ლუჟკოვმა სახელი გაითქვა ასევე თავისი ჰომოფობური განცხადებებითაც.

„სობიანინს (მოსკოვის ახალი მერი) უნიკალური შანსი აქვს წერტილი დაუსვას ამ საკითხს და არ გაჰყვეს ლუჟკოვის გზას“, – განაცხადა რამდენიმე ხნის წინ რუსული გეი–მოძრაობის ერთერთმა აქტივისტმა ნიკოლაი სლეკსეევმა. მან ასევე გაიხსენა, რომ სობიანინის მერად დანიშვნის შემდეგ ოპოზიციას მიტინგების ჩატარების უფლებას აძლევენ.

понедельник, 25 апреля 2011 г.

ავსტრალიის სასამართლომ 10 წლის ბიჭს სქესის შეცვლის უფლება მისცა


ავსტრალიის სასამართლომ 10 წლის ბიჭს სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარების ნება დართო – ამის შედეგად ავსტრალიელი ჯეიმი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ტრანსსექსუალი იქნება.


ჯეიმის საკუთარი თავი ყოველთვის გოგონად მიაჩნდა. გოგოსავით იქცევა, კაბებს ატარებს, იზრდის გრძელ თმას და ქალების ტუალეტში დადის.

ჯეიმის მშობლები, მისი ექიმები და ფსიქიატრი თვლიან, რომ სქესობრივი მოწმწიფების დაწყება და თანდათანობით მმაკაცად გადაქცევა ბიჭუნას დიდ დეპრესიაში ჩააგდებს და ამან შესაძლოა იგი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.

რეკომენდაიების გათვალისწინებით სასამართლომ გადაწყვიტა ნება დაერთო ექიმებისთვის, რომ ბიჭუნას ჰორმონალური თერაპია ჩაუტარონ, რომელიც მის სქესობრივ მომწიფებას შეაჩერებს. ხოლო როდესაც ჯეიმის 16 წელი შეუსრულდება, უკვე შესაძლებელი გახდება მეორე ეტაპის – ქალური ჰორმონების მიღების დაწყება.

სასამართლოში საქმის განხილვისას თვით ჯეიმისაც მოუსმინეს, რომელიც საკუთარ თავს „არსებას“ და „გოგონას“ უწოდებდა ბიჭის სხეულში. ბავშვის დედამ ასევე მტკიცე რწმენა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სქესის შეცვლის პროცესის დაწყება მისი შვილისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მისი თქმით, მთელი ოჯახი ამ გადაწყვეტილებას უჭერს მხარს და მიაჩნიათ, რომ ჯეიმის ის არის, როგორადაც მიაჩნია მას თავისი თავი, ანუ გოგონაა. ჟეიმის ჰყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც 3 წლის წინ ასევე შეეგუა ჯეიმის „უჩვეულობას“ და მას უკვე დიდი ხანია „დაიკოს“ ეძახის.

წყარო: (LifeSiteNews.com)

воскресенье, 17 апреля 2011 г.

ჩერნოგორიაში ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი გეი–აღლუმი ჩატარდება


31 მაისს ჩერნოგორიაში (მონტენეგრო) ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი გეი–აღლუმი ჩატარდება. ამის შესახებ წერს Associated Press. ჩერნოგორიის ხელისუფლებამ აღლუმის მონაწილეებს მხარდაჭერა აღუთქვა, რომელიც ბალკანეთის ამ ერთერთ ყველაზე კონსერვატიულ ქვეყანაში 31 მაისს იგეგმება. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ღონისძიების მხარდაჭერა იმაზე მიუთითებს, რომ ჩერნოგორია პატივს სცემს ტოლერანტობისა და თანასწორობის ევროპულ ღირებულებებს.

აღლუმის ორგანიზატორებმა მთავრობას თხოვეს, რომ ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს ამ კომიტეტის ხელმძღვანელის ტანამდებობაზე. ჩერნოგორიული ლგბტ ორგანიზაციის LGBT Forum Progres–ის წარმომადგენელმა ზდრავკო სიმბალიევიჩმა განაცხადა, რომ ელექტრონული ფოსტით უკვე მიიღო მუქარის წერილები. ჩერნოგორიაში მოსახლეობის 75% მართლმადიდებელი ქრისტიანია. 2007 წელს ჩერნოგორიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც ამ პატარა ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა სულ 620 ათას ადამიანს შეადგენს, სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

Mr. Gay Europe 2010/2011 ტიტული იტალიელმა ჯულიო სპატოლამ მოიპოვა


26 წლის იტალიელი ჯულიო სპატოლა 16 აპრილს გვიან ღამით  Mr. Gay Europe 2010/2011–ის ტიტულის მფლობელი გახდა. სწორედ ის წაიღებს იტალიაში გამარჯვებულის გვირგვინს. ჯულიო სპატოლა რეჟისორი და სასუმროს მენეჯერია. მისი ჰობია კინო, მუსიკა, დისკო, ვიდეოს რედაქტორება და სპორტი.

„ჩემს გამარჯვებას ვუძღვნი დევიდ კატოს, იანვარში მოკლულ უგანდელ გეი აქტივისტს“ – თქვა სპატოლამ კონკურსის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გამარჯვებულის სახით ის მონაწილეობა მიიღებს მრავალ გეი–აღლუმში, რომელიც ამ ზაფხულს გაიმართება. გარდა ამისა, კონკურსში გამარჯვების გამო მას ნიუ–იორკშიც მოუწევს მოგზაურობა.

კონკურსი Mr. Gay Europe 2010/2011 რუმინეთის ზამთრის კურორტ Poiana Brasov–ში გაიმართა 13–დან 16 აპრილის ჩათვლით კონფერენციის „Eu sunt! Tu? (I Am! You?)“ ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც იყო რუმინული გეი გაერთიანება ფონდ Population Services International in Romania (PSI) მხარდაჭერით.

თურქეთის წარმომადგენელმა კონკურსზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მიიღო, ისლანდიელმა კონკურსანტმა სპორტულ ნაწილში გაიმარჯვა. გამოვლინდა გამარჯვებულები ასევე სხვა ნომინაციებშიც.

2009 წლის კონკურსზე ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქემ დავით ბარამიამ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

суббота, 9 апреля 2011 г.

ჰომოფობ ბელგიელ ეპისკოპოსს სახეში ტორტი უთავაზეს


ბელგიელი კათოლიკე ეპისკოპოსი, რომელიც ცნობილია თავისი განცხადებებით აბორტის აკრძალვის თაობაზე და იმის შესახებ, რომ შიდსი ეს ღვთიური სასჯელია ჰომოსექსუალობის გამო, ტორტის მსროლელთა მსხვერპლი გახდა.


ბელგიის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, არქიეპისკოპოსი ანდრე–ჟოზეფ ლეონარდი სამშაბათს ბრიუსელის უნივერსიტეტში გამოდიოდა. ამ გამოსვლის შემდეგ YouTube–ზე დაიდო ვიდეოჩანაწერი, რომელზეც დაფიქსირებული იყო, რომ ლეონარდი რამდენჯერმა გახდა ტორტის მსროლელთა მსხვერპლი. ამ დროისთვის YouTube–ზე ეს ვიდეო ხელმისაწვდომი უკვე აღარ არის, ამიტომ მისი ნახვა შეგიძლიათ საიტზე Рinknews.co.uk.

როგორც სააგენტო AFP იუწყება, ერთერთმა ტავდამსხმელმა ბელგიელ ჟურნალისტებს განუცხადა: „ეპისკოპოსმა ეს დაიმსახურა ყველა იმ მოზარის გამო, ვისაც ეშინია მშობლებს საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ უთხრას და იმ ახალგაზრდა გოგონების გამო, რომლებსაც აბორტის გაკეთება სურთ“.

შიდსის შესახებ ხმამაღალი განცხადებები არქიეპისკოპოსმა გასულ წელს გააკეთა. „ყველაფერი, რაც ჩემთვის ცნობილია – ეს არის ის, რომ ყოველი ჩვენი ქმედება გარკვეულ შედეგებს იწვევს“, – თქვა მან, – „შიდსის ეპიდემია ეს არის სამართლიანი პასუხი“. გარდა ამისა, ეპისკოპოსი ჰომოსექსუალობას „ბუნების სიმახინჯეს“ უწოდებდა, ხოლო ამასთანავე გამოდიოდა წინადადებით, რომ არ დაესაჯათ მოხუცი სასულიერო პირები მათი ასაკის გამო, რომლებიც თავის დროზე პედოფილიაში ამხილეს.

საიტი Рinknews.co.uk წერს, რომ ტორტების სროლა ჰომოფობების მისამართით სიახლეს არ წარმოაგდენს და ასეთი რამ პირველად 1977 წელს აშშ–ში მოხდა, როცა ცნობილ მსახიობსა და მომღერალს ანიტა ბრაიანტს სახეში ტორტი უთავაზეს მას შემდეგ, როცა იგი პოლიტიკით დაკავდა და ჰომოფობიის პროპაგანდას ეწეოდა.

ჯგუფმა Daft Punk ჰომოეროტიული კლიპი გადაიღო


ფრანგულმა ელექტრონულმა დუეტმა Daft Punk–მა თავის ახალ ტრეკზე Alive ვიდეოკლიპი გადაიღო, რომლის რეჟისორიც 26 წლის ამერიკელი მსახიობი ემილ ჰირშია.


კლიპის სიუჟეტის მიხედვით, სუსტი აღნაგობის ბიჭი (მის როლს ეის ნორტონი ასრულებს) ოცნებობს, რომ თავის დაკუნთულ მეზობელს დაემგვანოს, რომლის როლიც ფრენკი ლევანჯიმ შეასრულა. ბიჭი თავის კერპს კუდში დასდევს, იწყებს სპორტული საკვები დანამატების მიღებას, ცდილობს კუნთები დაიყენოს, რომ საბოლოოდ თავის სიმპატიურ მეზობელს ქუჩაში საცეკვაო მოედანზე შეეჯიბროს. ვიდეოკლიპში გახსნილია ე.წ. ბრომანსის (ჰეტეროსექსუალი მამაკაცების პლატონური სიყვარულის) თემა.


მსგავსი პოტენციური ქართული კლიპების თუ ფილმების ავტორებს ბევრი სამუშაო მასალა ექნებოდა საქართველოში, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ პროფესიულ დონეზე რაიმე მსგავსი ვიდეო ახლო მომავალში გაკეთდეს. ამ ფრანგულ–ამერიკული კლიპის ანალოგად შეიძლება youtube–ზე დადებული ქართული სამოყვარულო ვიდეორგოლები ჩაითვალოს, სადაც პირველზე თითქმის მთლად შიშველი მამაკაცები არაფხიზელ მდგომარეობაში ერთობიან, ხოლო მეორე ვიდეო ვინმე ევროპელმა ან ამერიკელმა რომ ნახოს, ნადვილად ჩათვლის, რომ გეი–ფართის კადრებია, არა და ქართველებმა ვიცით, რომ ეს ასე არ არის.



четверг, 7 апреля 2011 г.

არქეოლოგებმა ჩეხეთში სპილენძის ხანის ტრანსსექსუალის ან ჰომოსექსუალის საფლავი აღმოაჩინეს


პრაღის ერთერთ უბანში არქოლოგებმა უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს. ლაპარაკია მამაკაცის სამარხზე, რომელიც ყველა იმ რიტუალის და წესის დაცვით იყო დასაფლავებული, როგორც ქალებს ასაფლავებდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამარხი ტრანსსექსუალს ან ჰომოსექსუალს ეკუთვნის. ამის შესახებ წერს The Telegraph.

სამარხი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2900–2500 წლებს მიეკუთვნება. მამაკაცი დასაფლავებულია თავით აღმოსავლეთისკენ, როგორც ტრადიციულად ქალებს მარხავდნენ. საფლავში აღმოჩენილია ოვალური დოქები, ხოლო ნეშტს ამშვენებენ მძივები და საყურეები – ეს ყველაფერი მეტყველებს მეცნიერების ვარაუდზე, რომ გარდაცვლილი ე.წ. „მესამე სქესს“ მიეკუთვნებოდა. მამაკაცებს საფლავში ატანდნენ იარაღს, ჩაქუჩებს და დანებს, ქალებს კი სამკაულებს, შინაურ ცხოველებს და ჭურჭელს. ამ შემთხვევაში კი მამაკაცის სხეული აშკარად ქალის დასაფლავების წესების მიხედვითაა დამარხული.

ტოსკანა გეი–ტურისტებს ეპატიჟება


ტოსკანა იტალიის პირველი რეგიონი გახდა, რომელმაც თავის ოფოციალურ საიტზე „გეი–ფრენდლი“ (ლგბტ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი) განყოფილება გახსნა, რომელშიც გეებისთვის საცხოვრებლად და დასასველებლად ყველაზე კეთილსაიმედო ადგილებია მითითებული. აღსანიშნავია, რომ იტალია ტრადიციულად გეების მიმართ კონსერვატიულად განწყობილ ქვეყნად ითვლებოდა, მით უმეტეს, როცა მას ჯერ კიდევ მართავს ჰომოფობი პრემიერ–მინისტრი სილვიო ბერლუსკონი.

აპრილის დასაწყისიდან ასეულობით სასტუმრო, პანსიონი, რესტორანი, კლუბი, პლიაჟი და ღამის კლუბი მიუერთდა ამ ინიციატივას და საკუთარი დაწესებულებები რეგიონის საიტზე დაარეგისტრირეს ფრენდლი ადგილების განყოფილებაში.

ტურიზმის რეგიონალური კოორდინატორი კრისტინა სკარლეტი, რომელმაც ეს პროექტი წარმოადგინა, აცხადებს, რომ „ჰომოსექსუალური პუბლიკისადმი ასეთი ყურადღება ტოსკანის რეგიონის გახსნილობაზე მეტყველებს, რომელიც დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ გამოდის“.

აღსანიშნავია, რომ „გეი–ფრენდლი“ ნიშნით გამოყოფილი ადგილები არ არის განკუთვნილი მხოლოდ ლგბტ ადამიანებისთვის. ასეთ ადგილებში ყველა ადამიანს თბილად შეხვდებიან, პირობა მხოლოდ ერთია – ამ დაწესებულებებში გეები დისკომფორტს არ იგრძნობენ საკუთარი ორიენტაციის გამო.

საქართველოში გეი–ფრენდლი ადგილები ოფიციალურად არ არსებობს. არცერთი სახელმწიფო ან რეგიონალური, თუნდაც ტურისტული დაწესებულების საიტზე ვერ ნახავთ, რომ საქართველოში რაიმე მსგავსი არსებობდეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია აცხადებს, რომ ტურიზმი ერთერთი ძირითადი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.

gaybatumi.com ერთადერთი ქართული (საქართველოსთან დაკავშირებული ინგლისურენოვანი ბლოგი) საიტია, სადაც ბათუმში განლაგებული ორი „ფრენდლი“ სატუმროა მითითებული „შერატონ ბათუმი“ და „ინტურისტ პალასი“.

вторник, 5 апреля 2011 г.

ირლანდიური საგანმანათლებლო პროგრამა „ადექი!“ მიმართულია ლგბტ მოზარდების შევიწროების წინააღმეგ

ირლანდიაში სტარტი აიღო კამპანიამ სახელწოდებით „ადექი!“(Stand Up!), რომელიც 4–დან 15 აპრილამდე გაგრძელდება და მისი მთავარი მიზანია სკოლებში ლგბტ მოზარდების ჰომოფობიური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა. კამპანია, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ახალგაზრდა გეებისა და ლესბოსელების მიმართ პოზიტივის შექმნაზე და იძლევა საფუძველს იმაზე დასაფიქრებლად, რამდენად რთულია ამ მოზარდებისთვის საკუთარ თავთან ბრძოლა.


როგორ ირლანდიური გეი–ჟურნალი GCN წერს, უამრავი ახალგაზრდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი საკუთარი სექსუალური იდენტობის შეცნობისას, როდესაც ამას გაგებით ეკიდებიან მათი ოჯახის წევრები და ახლობლები, ჩვეულებრივად განაგრძობს წყნარ ცხოვრებას. მაგრამ ბევრი სხვა ლგბტ ახალგაზრდა სიძულვილის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მსხვერპლი ხდება საკუთარ სკოლებში, ახალგაზრდულ კლუბებსა და საერთოდ თანატოლების გარემოცვაში.  კამპანია „ადექი!“–ს მიზანია წინააღმდეგობა გაუწიოს ამ სიძულვილს, დაშინებასა და შევიწროებას.

კამპანიის პერიოდში მოხდება არამარტო სააგიტაციო მასალების ჩვენება: ბევრ სკოლაში ჩატარდება ფაკულტატიური შეხვედრები, მოსწავლეებს შესტავაზებენ დისპუტებში და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას. ამ ყველაფრის მიზანია გაგების დონის ამაღლება და შევიწროებისა და დაცინვის შემცირება.

ერთერთი ვიდეორგოლი, რომელიც ამ კამპანიისთვის დამზადდა, შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. ამ ვიდეოს შინაარსი გასაგები ხდება, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ირლანდიაში, ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ–შიც ხელჩაკიდებული ადამიანები ავტომატურად აღიქმებიან როგორც წყვილი მათი სქესბრივი კუთვნილების მიუხედავად. ამიტომ, თუ ორ ადამიანს სურს იმის ჩვენება, რომ წყვილს შეადგენენ, ხელჩაკიდებულნი დადიან. ვიდეორგოლის ბოლოს ხდება იმ აზრის გაქარწყლება, რომ გეის ხელს არავინ გაუწვდის და ჩნდება მოწოდება: „ნუ დაუჭერ მხარს ჰომოფობიურ შევიწროებას! მხარი დაუჭირე შენს მეგობრებს – ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებდა სა ტრანსგენდერებს!“.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ მხრივ ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა და ალბათ ბევრს სმენია გაკვირვებული ევროპელებისა და ამერიკელების გამონათქვამები იმის თაობაზე, რომ რამდენი გეი და ლესბოსელი დადის თბილისში. მართალია საქართველოში ხელჩაკიდებულ მოზარდებს და ახალგაზრდა მამაკაცებს ვერ დაინახავ ქუჩაში, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება იმის დანახვა, რომ მოზარდი ბიჭები და ახალგაზრდა მამაკაცები  ხელგადახვეულები დადიან, ან ხელკავი აქვთ გამოდებული ერთმანეთისთვის. უცხოელებისთვის ქართველი ახალგაზრდების (და არა მარტო ახალგაზრდა მამაკაცების, ხანშიშესულებიც იქცევიან ასე) ასეთი საქციელი, ზემოთ თქმულის მსგავსად, მიანიშნებს იმაზე, რომ ხელგადახვეული მამაკაცები წყვილს წარმოადგენენ. ეს რა თქმა უნდა ევროპა–ამერიკელებსა და ქართველებს შორის „კულტურული“ სხვაობის ერთერთი გამოხატულება შეიძლება იყოს.

გარდა ამისა, ქართველი მამაკაცები სუფრასთანაც ხშირად გამოხატავენ „ძმურ სიყვარულს“ ლამის „ფრანგული კოცნით“, ხოლო ქართველი მოზარდი გოგონებისთვის და ახალგაზრდა ქალებისთვის ხელჩაკიდებული სიარული ქუჩაში მათი სქესობრივი სიახლოვის გამოხატულებად არ ითვლება. 

ამ „კულტურული“ განსხვავებების მიუხედავად, მოზარდ ლგბტ თაობას კი საქართველოშიც არანაკლები პრობლემები აქვს, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებდა და აშშ–ში.

понедельник, 4 апреля 2011 г.

რიკი მარტინი ესპანეთში აპირებს დაქორწინებას


რიკი მარტინს ქორწინების გაფორმება სურს თავის ბოიფრენდთან კარლოს გონსალესთან და რადგანაც მის სამშობლოში ეს შეუძლებელია, წყვილი ესპანეთზე ფიქრობს, სადაც ერთსქესიანი ქორწინება 2005 წლიდანაა ნებადართული.

ამის შესახებ ჟურნალისტმა მიგელ ანხელმა განაცხადა სატელევიზიო გადაცემაში El Progama de Ana Rosa. წყვილი დაქორწინებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ერთერთი მათგანი მაინც გახდება ესპანეთის მოქალაქე. როგორც ამბობენ, რიკი მარტინის დიდი ხნის მეგობარმა მოდელმა ესთერ კანადასმა მომღერალს დახმარება აღუთქვა მოქალაქეობის მიღებაში.

აშშ–ში ერთსქესიანი ქორწინება ლეგალიზებულია 5 შტატში და ასევე კოლუმბიის ფედერალურ ოლქში. რიკი მარტინის სამშობლო კი პუერტო–რიკოა, რომელიც აშშ–ის მაართველობის ქვეშ იმყოფება, ხოლო პუერტო–რიკოში ერთსქესიანი ქორწინებები ლეგალიზებული არ არის. აშშ–ის ზოგიერთი შტატი კი აღიარებს ქვეყნის გარეთ გაფორმებულ ქორწინებებსაც.

ახლახანს GLAAD Media Award–ის პრემიის მიღებისას რიკი მარტინმა მადლობა გდაუხადა თავის იჯახს და კარლოსსაც, რომელიც ასევე იმყოფებოდა დაჯილდოების ცერემონიაზე. ადრე მომღერალი ამბობდა, რომ მზად არ იყო საზოგადოებისთვის თავისი ბოიფრენდი საჯაროდ წარედგინა, რადგან იგი შოუ–ბიზნესის წარმომადგენელი არ არის, ხოლო იმ ადამიანისთვის, ვინც გართობის ინდუსტრიაში არ ტრიალებს, საჯარო პიროვნებად გახდომა არც ისე მარტივია. „ეს გადაწყვეტილება ჩვენ ერთად უნდა მივიღოთ“, – ამბობდა რიკი მარტინი წლის დასაწყისში. ზოგიერთი ინფორმაციით კარლოს გონსალესი ასევე პუერტო–რიკოელია და ფინანსურ მენეჯერად მუშაობს.


ადრე ლარი კინგის შოუში გამოსვლისას რიკი მარტინი ამბობდა, რომ ქორწინების გაფორმება აშშ–ში სურს. „შეგვიძლია ესპანეთში წავიდეთ, ან არგენტინაში და იქ გავაკეთოთ ეს, მაგრამ ამისთვის რატომ უნდა წავიდეთ სადმე? რატომ არ შემიძლია საკუთარ ქვეყანაში დავქორწინდე, სადაც კანონი დამიცავდა? წავიდოდი ესპანეთში, სადაც უამრავი მეგობარი მყავს და ეს სიმბოლურიც იქნებოდა, მაგრამ რატომ არ შემიძლია იგივე ჩემი სახლის უკანა ეზოში გავაკეთო?“, – ამბობდა მაშინ მომღერალი.

როგორც ცნობილია, რიკი მარტინს უკვე ჰყავს ტყუპი შვილები, რომლებიც მას სუროგატმა დედამ გაუჩინა.

სხვა სტატია ამ თემაზე:
რიკი მარტინი GLAAD–ის პრემიას მიიღებს