пятница, 17 июня 2011 г.

გაერომ ლგბტ უფლებების დაცვის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ 17 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციას კრძალავს. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ასეთი დოკუმენტი პირველად არის მიღებული გაეროს და მსოფლიოს ისტორიაში.

რეზოლუცია ითვალისწინებს სპეციალური ორგანოს შექმნას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას დააკვირდება. გარდა ამისა, Associated Press აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს კომისიის შექმნას, რომელსაც დაევალება მსოფლიოს ქვეყნების კანონმდებლობის შემოწმება ისეთი კანონების არსებობაზე, რომელიც ლგბტ საზოგადოების წარმომადგებელთა უფლებებს ლახავს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ შეტანილ რეზოლუციას საბჭოს 47 წევრიდან 23–მა დაუჭირა მხარი. 19 წინააღმდეგი გამოვიდა, ხოლო სამმა ადამიანმა თავი შეიკავა. რა პოზიცია დაიკავა საბჭოს კიდევ ორმა წევრმა, არაფერია ნათქვამი. რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის არიან აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ბრაზილია. რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ აფრიკული და მუსულმანური სახელმწიფოების წარმომადგენლები.

როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რეზოლუციის მიზანი არ არის ამა თუ იმ ქვეყნისთვის სხვისი კულტურული ფასეულობების თავზე მოხვევა. დოკუმენტი მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ ინიციირებული იქნას დიალოგი სექსუალური უმცირესობების დაცვის საკითხზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий