четверг, 9 июня 2011 г.

პიარ სკოლამ ჰომოფობიური განცხადების გამო მოიბოდიშა


პიარ სკოლამ თავის ბლოგზე ოფიციალურად მოიხადა ბოდიში რამდენიმე დღის წინ ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელიც ჰომოფობურ გამონათქვამებს შეიცავდა. პოსტი ეხებოდა facebook–ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც ვირთხა დაძვრებოდა მარკეტის დახლებზე, ვიდეოს ავტორის თქმით, „პოპულის“ მარკეტების ქსელის ერთერთ მაღაზიაში იყო გადაღებული. პიარ სკოლის ბოლგზე ამ ვიდეოს და facebook–ზე ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ დაიდო პოსტი, რომელშიც გამოყენებული იყო „ვოლმარტის“ ქსელის სუპერმარკეტებში გადაღებული სურათები, სადაც აღბეჭდილი ადამიანების უმეტესობას თავიანთ გარეგნობაში და ტანისამოსში აშკარად ეტყობოდათ, რომ სექსუალურ უმცირესობებს მიეკუთვნებოდნენ. პიარ სკოლის პოსტის ავტორმა კი თავის პოსტში ვირთხა ამ ადამიანებს შეადარა და დაწერა, რომ ამ ვირთხაზე უარესებიც არსებობენ.

ამ პოსტის გამოქვეყნებისთანავე იქვე კომენტარებშიც და სოციალურ ქსელებში პიარ სკოლის ეს ჰომოფობური გამონათქვამი სხვადასხვა ადამიანებმა დაგმეს. ამის შემდეგ ჰომოფობური ფრაზა პოსტიდან ამოღებული იქნა, 9 ივნისს კი პიარ სკოლის ბლოგზე გამოქვეყნდა ოფიციალური საბოდიშო განცხადება. გთავაზობთ ამონარიდს ამ განცხადებიდან:

„ამა წლის 30 მაისს, ჩვენთან გამოქვეყნდა პოსტი სათაურით “ვოლმარტში უარესებიც ხდება”. პირველივე მკითხველის კომენტარის შემდეგ (დაახლოებით 30 წუთში), რომელიც აბსოლუტურად სამართლიან გულისწყრომას გამოხატავდა, მე პირადად მოვახდინე პოსტის იმ ნაწილის კორექტირება, რომელიც ჰომოფობიურ ფრაზას შეიცავდა. შემდგომში შეიცვალა სათაურიც.

სიტუაციაში ბოლომდე გარკვევის მიზნით, პიარ სკოლის ბლოგის პასუხისმგებელ პირებთან ერთად ჩატარდა შიდამოკვლევა, რომელიც გარკვეული პიროვნებების არყოფნის გამო, დროში დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. რამდენჯერმე გავესაუბრე პოსტის ახალგაზრდა ავტორსაც. დავრწმუნდი, რომ მან ეს შეცდომა გაუაზრებლად დაუშვა და არავის შეურაცხყოფას ისახავდა მიზნად და შეწუხებულია ამ ფაქტის გამო. ვესაუბრე ბლოგის პასუხისმგებელ რედაქტორსაც. სიტყვიერი და მკაცრი გაფრთხილებები მიიღო ორივე პიროვნებამ.

პიარ სკოლის სახელით, პიარ სკოლის ყველა ლექტორისა და თანამშრომლის სახელით, პირადად ჩემი სახელით, მინდა ბოდიშჲ მოვუხადო ყველა მკითხველს პოსტში გამოქვეყნებული ფრაზის გამო“. 

среда, 8 июня 2011 г.

ისრაელის პარლამენტმა რეკორდული ყურადღება დაუთმო გეებს


ისრაელის კნესეტში ყოველწლიურად ტარდება „სიამაყის კონფერენცია“, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. მორიგ კონფერენციაში, რომელიც ორშაბათს გაიმართა, 18 დეპუტატი მონაწილეობდა სპიკერის რუბი რივლინისა და ოპოზიციის ლიდერის ციპი ლივნის ჩათვლით. 18 დეპუტატი ეს პალრამენტის წევრთა 15%–ზე ნაკლებია, მაგრამ დეპუტატების ამ რაოდენობის მისვლა კონფერენციაზე, რომელიც სექსუალური უმცირესობების პრობლემებს ეძღვნება, რეკორდულია ამ ქვეყნისთვის. ამის შესახებ წერს NRG-Maariv.

კონფერენცია მიეძღვნა იმ სირთულეებს რომლებსაც ისრაელში მცხოვრები ლგბტ ადამიანები აწყდებიან ოჯახის შექმნისა და შვილების ყოლის შემთხვევაში. კნესეტში მივიდნენ ადამიანები, რომლებიც დეპუტატებს თავიანთი დისკრიმინაციის გამოცდილებაზე ესაუბრნენ და აუხსნეს, რომ არ აქვთ იმის საშუალება, რომ იგივე უფლებებით ისარგებლონ, რომლებიც ქვეყნის ყველა ჰეტეროსექსუალ მოქალაქეს აქვს.

понедельник, 6 июня 2011 г.

აშშ–ში ლგბტ საიტი შეიქმნა "თეთრი სახლის" ეგიდით

"თეთრმა სახლმა" ვებ–საიტი გახსნა, რომელიც სპეციალურად ლგბტ წარმომადგენლებისთვის შეიქმნა. საიტზე მთავარ ადგილზე წარმოდგენილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვალდებულებები ამერიკელი ლგბტ ადამიანების წინაშე. საიტის სახელწოდებაა "მომავლის გამარჯვება: პრეზიდენტი ობამა და ლგბტ საზოგადოება". საიტის ამოქმედება მიეძღვნა კონკრეტულ მოვლენას – პრეზიდენტ ობამას მიერ ივნისის თვის ლგბტ სიამაყის თვედ გამოცხადებას.


რუმინეთში გეი–აღლუმი ჩატარდა

რუმინეთის დედაქალაქში გეი–აღლუმი ჩატარდა, რომელშიც 150–მდე ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ანტიგეიაქტივისტებმა თავიანთი აქცია ჩაატარეს ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ. შაბათს გამართული გეი–აღლუმის მსვლელობისას ექსცესები არ მომხდარა. ამ აქციაში მონაწილეობდნენ ასევე რუმინეთში აშშ–ის, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ელჩებიც.


Gay Pride Romania by GLBT

რუსი მებაირაღეების "ბრძოლა" გეების წინააღმდეგ

ინტერნეტ–სივრცეში გავრცელდა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილნი არიან რუსი მართლმადიდებელი მებაირაღეები, რომლებიც თავისუფალ დროს იმით ერთობიან, რომ ღობეზე მიმაგრებულ შიშველი ბიჭების ფოტოებს შუბებს ესვრიან. ამ მებაირაღეების წარმომადგენლები მოსკოვის ცენტრში 28 მაისს გამართული გეი–აღლუმის მონაწილეთა დარბევაში მონაწილეობდნენ. ერთერთმა ასეთმა წვეროსანმა აქციის მონაწილე ჟურნალისტ გოგონას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც ჟურნალისტი საავადმყოფოში მოათავსეს ტვინის შერყევის დიაგნოზით.



пятница, 3 июня 2011 г.

ვანესა უილიამსი ქორწინების თანასწორობის მომხრეებს შეუერთდა


ნიუ–იორკის შტატში ქორწინების თანასწორობის მომხრეების კამპანიას ცნობილი მომღერალი და მსახიობი ვანესა უილიამსიც შეუერთდა. „მე ვარ ვანესა უილიამსი, დავიბადე ნიუ–იორკში, და მე მხარს ვუჭერ ქორწინების თანასწორობას. აშშ–ის უკვე 5 შტატში ქორწინების თანასწორობა არსებობს. დადგა დრო, რომ ნიუ–იორკი კვლავ ლიდერი გახდეს. გთხოვთ, შემოგვიერთდით“ – განაცხადა ვანესამ ვიდეოში, რომელიც ერთერთი უმსხვილესი ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის ეგიდით ჩაწერა.

четверг, 2 июня 2011 г.

ობამამ ივნისი გეი–სიამაყის თვედ ოფიციალურად გამოაცხადა


აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სამშაბათს ხელი მოაწერა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ივნისი გეი–სიამაყის თვედ გამოცხადდა. დოკუმენტში ნათქვამია: „ამერიკის ლგბტ საზოგადოების ისტორია ჩვენი მამების და ვაჟების, ჩვენი დედების და ქალიშვილების, ჩვენი მეგობრების და მეზობლების ისტორიაა, და ისინი განაგრძობენ იმ ამოცანის შესრულებას, რომლის მიზანიცაა ჩვენი ქვეყნის უფრო მშვენიერ კავშირად გადაქცევა. ეს არის იმ ბრძოლის ისტორია, რომ უკეთ ჩავწვდეთ ამერიკულ პერსპექტივას: ყველა ადამიანმა ღირსეულად უნდა იცხოვროს და ყოველი მათგანი თანაბრად უნდა ფასდებოდეს კანონის შესაბამისად. ყოველი წლის ივნისში ჩვენ პატივს მივაგებთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ ამ პერსპექტივის მოახლოებას ლგბტ ამერიკელებისთვის. ამჯერად კი ჩვენ იდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მივილტვით ყველა ადამიანისთვის თანაბარი უფლებების მიღწევისკენ, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა“.

მთელს მსოფლიოში, უფრო სწორად კი მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილში ივნისი ლგბტ სიამაყის თვედ ითვლება. ამ თვეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გეი–აღლუმები, გეი–ფესტივალები და ამ სახის სხვა ღონიძიებები ტარდება.

„ჩემს მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ჩემმა ადმინისტრაციამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ლგბტ ამერიკელებისთვის თანასწორობის დამყარების საქმეში“ – განაგრძობს პრეზიდენტი ობამა, – „გასული წლის დეკემბერში ამაყად მოვაწერე ხელი კანონს, რომელიც აუქმებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას „არ შეეკითხო, არ თქვა“. ამის შემდეგ ამერიკელებმა – გეებმა და ლესბოსელებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მიიღეს უფლება ღიად იმსახურონ აშშ–ის შეიარაღებულ ძალებში. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება განმტკიცდება, ხოლო ის გმირული წვლილი, რომელიც ამ ამერიკელებს შეაქვთ ამ პროცესში მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, მთლიანად იქნება აღიარებული“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია სამწუხარო თარიღიც: 30 წელი შიდსის აღმოჩენიდან. ობამა თვლის, რომ ამ თარიღმა ახალი სტიმული უნდა შექმნას ამ დაავადებასთან საბრძლოველად არა მარტო მისი ადმინისტრაციისთვის, არამედ ლგბტ აქტივისტებისთვისაც.

პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც 1999 წელს ოფიციალურად აღიარა ივნისი გეი–შიამაყის თვედ, იყო ობამას წინამორბედი დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.