среда, 8 июня 2011 г.

ისრაელის პარლამენტმა რეკორდული ყურადღება დაუთმო გეებს


ისრაელის კნესეტში ყოველწლიურად ტარდება „სიამაყის კონფერენცია“, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. მორიგ კონფერენციაში, რომელიც ორშაბათს გაიმართა, 18 დეპუტატი მონაწილეობდა სპიკერის რუბი რივლინისა და ოპოზიციის ლიდერის ციპი ლივნის ჩათვლით. 18 დეპუტატი ეს პალრამენტის წევრთა 15%–ზე ნაკლებია, მაგრამ დეპუტატების ამ რაოდენობის მისვლა კონფერენციაზე, რომელიც სექსუალური უმცირესობების პრობლემებს ეძღვნება, რეკორდულია ამ ქვეყნისთვის. ამის შესახებ წერს NRG-Maariv.

კონფერენცია მიეძღვნა იმ სირთულეებს რომლებსაც ისრაელში მცხოვრები ლგბტ ადამიანები აწყდებიან ოჯახის შექმნისა და შვილების ყოლის შემთხვევაში. კნესეტში მივიდნენ ადამიანები, რომლებიც დეპუტატებს თავიანთი დისკრიმინაციის გამოცდილებაზე ესაუბრნენ და აუხსნეს, რომ არ აქვთ იმის საშუალება, რომ იგივე უფლებებით ისარგებლონ, რომლებიც ქვეყნის ყველა ჰეტეროსექსუალ მოქალაქეს აქვს.

понедельник, 6 июня 2011 г.

აშშ–ში ლგბტ საიტი შეიქმნა "თეთრი სახლის" ეგიდით

"თეთრმა სახლმა" ვებ–საიტი გახსნა, რომელიც სპეციალურად ლგბტ წარმომადგენლებისთვის შეიქმნა. საიტზე მთავარ ადგილზე წარმოდგენილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვალდებულებები ამერიკელი ლგბტ ადამიანების წინაშე. საიტის სახელწოდებაა "მომავლის გამარჯვება: პრეზიდენტი ობამა და ლგბტ საზოგადოება". საიტის ამოქმედება მიეძღვნა კონკრეტულ მოვლენას – პრეზიდენტ ობამას მიერ ივნისის თვის ლგბტ სიამაყის თვედ გამოცხადებას.


რუმინეთში გეი–აღლუმი ჩატარდა

რუმინეთის დედაქალაქში გეი–აღლუმი ჩატარდა, რომელშიც 150–მდე ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ანტიგეიაქტივისტებმა თავიანთი აქცია ჩაატარეს ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ. შაბათს გამართული გეი–აღლუმის მსვლელობისას ექსცესები არ მომხდარა. ამ აქციაში მონაწილეობდნენ ასევე რუმინეთში აშშ–ის, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ელჩებიც.


Gay Pride Romania by GLBT

რუსი მებაირაღეების "ბრძოლა" გეების წინააღმდეგ

ინტერნეტ–სივრცეში გავრცელდა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილნი არიან რუსი მართლმადიდებელი მებაირაღეები, რომლებიც თავისუფალ დროს იმით ერთობიან, რომ ღობეზე მიმაგრებულ შიშველი ბიჭების ფოტოებს შუბებს ესვრიან. ამ მებაირაღეების წარმომადგენლები მოსკოვის ცენტრში 28 მაისს გამართული გეი–აღლუმის მონაწილეთა დარბევაში მონაწილეობდნენ. ერთერთმა ასეთმა წვეროსანმა აქციის მონაწილე ჟურნალისტ გოგონას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც ჟურნალისტი საავადმყოფოში მოათავსეს ტვინის შერყევის დიაგნოზით.



пятница, 3 июня 2011 г.

ვანესა უილიამსი ქორწინების თანასწორობის მომხრეებს შეუერთდა


ნიუ–იორკის შტატში ქორწინების თანასწორობის მომხრეების კამპანიას ცნობილი მომღერალი და მსახიობი ვანესა უილიამსიც შეუერთდა. „მე ვარ ვანესა უილიამსი, დავიბადე ნიუ–იორკში, და მე მხარს ვუჭერ ქორწინების თანასწორობას. აშშ–ის უკვე 5 შტატში ქორწინების თანასწორობა არსებობს. დადგა დრო, რომ ნიუ–იორკი კვლავ ლიდერი გახდეს. გთხოვთ, შემოგვიერთდით“ – განაცხადა ვანესამ ვიდეოში, რომელიც ერთერთი უმსხვილესი ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის ეგიდით ჩაწერა.

четверг, 2 июня 2011 г.

ობამამ ივნისი გეი–სიამაყის თვედ ოფიციალურად გამოაცხადა


აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სამშაბათს ხელი მოაწერა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ივნისი გეი–სიამაყის თვედ გამოცხადდა. დოკუმენტში ნათქვამია: „ამერიკის ლგბტ საზოგადოების ისტორია ჩვენი მამების და ვაჟების, ჩვენი დედების და ქალიშვილების, ჩვენი მეგობრების და მეზობლების ისტორიაა, და ისინი განაგრძობენ იმ ამოცანის შესრულებას, რომლის მიზანიცაა ჩვენი ქვეყნის უფრო მშვენიერ კავშირად გადაქცევა. ეს არის იმ ბრძოლის ისტორია, რომ უკეთ ჩავწვდეთ ამერიკულ პერსპექტივას: ყველა ადამიანმა ღირსეულად უნდა იცხოვროს და ყოველი მათგანი თანაბრად უნდა ფასდებოდეს კანონის შესაბამისად. ყოველი წლის ივნისში ჩვენ პატივს მივაგებთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ ამ პერსპექტივის მოახლოებას ლგბტ ამერიკელებისთვის. ამჯერად კი ჩვენ იდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მივილტვით ყველა ადამიანისთვის თანაბარი უფლებების მიღწევისკენ, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა“.

მთელს მსოფლიოში, უფრო სწორად კი მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილში ივნისი ლგბტ სიამაყის თვედ ითვლება. ამ თვეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გეი–აღლუმები, გეი–ფესტივალები და ამ სახის სხვა ღონიძიებები ტარდება.

„ჩემს მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ჩემმა ადმინისტრაციამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ლგბტ ამერიკელებისთვის თანასწორობის დამყარების საქმეში“ – განაგრძობს პრეზიდენტი ობამა, – „გასული წლის დეკემბერში ამაყად მოვაწერე ხელი კანონს, რომელიც აუქმებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას „არ შეეკითხო, არ თქვა“. ამის შემდეგ ამერიკელებმა – გეებმა და ლესბოსელებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მიიღეს უფლება ღიად იმსახურონ აშშ–ის შეიარაღებულ ძალებში. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება განმტკიცდება, ხოლო ის გმირული წვლილი, რომელიც ამ ამერიკელებს შეაქვთ ამ პროცესში მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, მთლიანად იქნება აღიარებული“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია სამწუხარო თარიღიც: 30 წელი შიდსის აღმოჩენიდან. ობამა თვლის, რომ ამ თარიღმა ახალი სტიმული უნდა შექმნას ამ დაავადებასთან საბრძლოველად არა მარტო მისი ადმინისტრაციისთვის, არამედ ლგბტ აქტივისტებისთვისაც.

პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც 1999 წელს ოფიციალურად აღიარა ივნისი გეი–შიამაყის თვედ, იყო ობამას წინამორბედი დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

среда, 1 июня 2011 г.

მიუნხენში ნაციზმის მსხვერპლი გეებისა და ლესბოსელების მემორიალი დაიდგმება


გერმანიის ქალაქ მიუნხენში, სადაც მესამე რეიხის დროს ნაცისტები გეი–ბარებზე თავდასხმებს აწყობდნენ, ჰოლოკოსტის მსხვერპლი გეებისა და ლესბოსელების მემორიალი დაიდგმება.

როგორც Pinknews.co.uk აღნიშნავს, მემორიალის ადგილი ძალიან სიმბოლურია, რადგან 1934 წლის 20 ოქტომბერს სწორედ ამ ადგილზე დაარბიეს ნაცისტებმა გეი–ბარის პირველად. შემდგომში ასეთმა ინციდენტებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რადგან ჰიტლერის მმართველობის პერიოდში ჰომოსექსუალობის არადამიანური „ამოძირკვა“ ხდებოდა.

მემორიალი მიუნხენის ცენტრში ფეხით მოსიარულეთა ახალი მარშრუტის ნაწილი გახდება და დაიდგმება ობერანგერისა და დულტშტრასეს ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც 1930–იანი წლების დასაწყისში ერთერთი ცნობილი გეი–ბარი Scwharzfischer (შავი მეზღვაური) მდებარეობდა.


 ნაცისტების მსხვერპლი ჰომოსექსუალების ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, მაგრამ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ მიზეზით 50 ათასამდე ადამიანი იყო დაკავებული. მანამდე ითვლებოდა, რომ მესამე რეიხი მხოლოდ ჰომოსექსუალ მამაკაცებს სდევნიდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ლესბოსელებსაც არანაკლებ დევნიდნენ. მათი დიდი ნაწილი დააკავეს და საკონცენტრაციო ბანაკებში განათავსეს, ხოლო მათ შემდგომ ბედს ალბათ ვერასდროს ვერავინ გაარკვევს. ბანაკებში გეებს პატიმრების ფორმაზე ამაგრებდნენ ვარდისფერ სამკუთხედს, ლესბოსელებს კი შავ სამკუთხედს. ბევრი ჰომოსექსუალი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა, მოგვიანებით კვლავ დააპატიმრეს, რადგან „არატრადიციული“ სექსუალური ორიენტაცია გერმანიაში დანაშაულად ითვლებოდა 1969 წლამდე, როცა ამ ქვეყანაში ე.წ. 175 პარაგრაფი გააუქმეს.